ახალი ამბები

ომბუდსმენი: სასულიერო პირის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

26 ივნისი, 2016 • 985
ომბუდსმენი: სასულიერო პირის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, სასულიერო პირის მიერ მის ცემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს. ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიებაში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ პოლიციელებმა, “რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის ვარაუდი”.

“სახალხო დამცველი ეხმიანება საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთში პოლიციამ სასტიკად სცემა სასულიერო პირი.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება. გამოძიების პროცესში არ დაუშვას პოლიციის იმ თანამშრომლების მონაწილეობა, რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის ვარაუდი. სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებული ყურადღებით, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა, სადაც პოლიციის მხრიდან უფლებასმოილების გადამეტების ვარაუდი არსებობს. სახალხო დამცველი დეტალურად შეისწვალის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – აცხადებს ომბუდსმენი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მხრიდან ლანჩხუთში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირის ცემის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მღვდელმა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაზიანებები თვითონ მიიყენა, რისი ამსახველი ვიდეო-მასალაც არსებობს:

“ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციამ [ლანჩხუთში] ნასვამი სასულიერო პირი გააჩერა. ის ნასვამი იყო და ავტომობილს საფრთხის შემცველად მართავდა. პოლიციელები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მისი სრული დაცვით. არსებობს ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა. ამას ალბათ გავავრცელებთ. პოლიციის მხრიდან სასულიერო პირის ცემის ფაქტს არ ვადასტურებთ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიმართ მიმდინარეობს 166-ე და 17-ე მუხლებით [წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა]. რაც შეეხება მის დაზიანებებს, პოლიციაში გადაყვანის დროს მან მანქანაში თვითონ მიიყენა თვითდაზიანება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი  გაბრიელ კახელიშვილი რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

“როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა”, – იუწყება რუსთავი 2.

მასალების გადაბეჭდვის წესი