ახალი ამბები

შსს “მღვდლის თვითდაზიანების ამსახველ ვიდეოს” არ ასაჯაროებს და საპატრიარქოს უგზავნის

26 ივნისი, 2016 • 1117
შსს “მღვდლის თვითდაზიანების ამსახველ ვიდეოს” არ ასაჯაროებს და საპატრიარქოს უგზავნის

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს საჯარო გახადოს ვიდეომასალა, რომელიც უწყების განცხადებით ლანჩხუთში სასულიერო პირი მხრიდან თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ასახავს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიდეოჩანაწერი საპატრიარქოს გაეგზავნება:

“2016 წლის 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ. მართავდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს. სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოშიც აგზავნის. ამ ეტაპზე ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ”, – აცხადებენ შსს-ში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი  გაბრიელ კახელიშვილი რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

“როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა  და სასტიკად სცემა”, – იუწყება რუსთავი 2.

მასალების გადაბეჭდვის წესი