ახალი ამბები

ელისაშვილმა არქიტექტურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

21 ივნისი, 2016 • 1657
ელისაშვილმა არქიტექტურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ მერიის აუდიტის სამსახურსა და თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა ხელი მოაწერა სულხან ცინცაძის #63-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვას, რომლითაც მოსულიშვილმა დეველოპერულ კომპანიას “თბილისი ჰაუზს” მისცა 6 სართულის – დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრის (საბაზრო ღირებულებით დაახლოებით 2 მილიონი დოლარი) მოპარვის საშუალება.

არქტიტექტურის სამსახურმა ისე გასცა ნებართვა, რომ თვალი დახუჭა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო სამართლის ძირეულ აქტებზე. კერძოდ კი, არქიტექტურის სამსახურს კ-2 კოეფიციენტის ანგარიშში საერთოდ არ აქვს შეტანილი ქვედა 6 სართული, რაც სრული უკანონობაა, ამბობს ელისაშვილი.

ამის მიზეზად ის არის ნაჩვენები, რომ 0.00 ნიშნული, ანუ მიწისპირა სართული მითითებულია პროექტში არა საბურთალოს ქუჩაზე(სადაც რეალურად უნდა დაიდგას საპროექტო შენობა), არამედ საირმის ქუჩაზე, რომელიც ბევრად მაღლაა თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თუმცა სადავო პროექტს საირმის ქუჩასთან საერთოდ არ გააჩნია შემხებლობა, ის მთლიანად დაპროექტებულია საბურთალოს ქუჩის ტერიტორიაზე, ამბობს ელისაშვილი.

“კორპუსი პროექტის მიხედვით შენდება საბურთალოს ქუჩიდან და ვითომ უნდა აშენდებს საირმის ქუჩიდან. ნულოვანი ნიშნული არის შეგნებულად არასწორად მითითებული, ეს კი 6 სართულის, ანუ დაახლოებით 2 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალებას იძლევა. აი, ასეთიუტიფარ თაღლითობასთან გვაქვს საქმე”, – განმარტავს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილი არქიტექტურის სამსახურს თბილისის საკრებულოს 2009 წლის # 4-13 გადაწყვეტილების 35-ე მუხლის (რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობის სიმაღლეს), საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332, 333, 338 და 341-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს.

ელისაშვილის განცხადებას კვლავ ცილისწამებად მიიჩნევს არქიტექტურის სამსახური.

როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, -წერია არქიტექტურის სამსახურის განცხადებაში.

თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს, რომ საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის.

ალეკო ელისაშვილმა დიმიტრი მოსულიშვილი კორუფციაში აქამდეც დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატმა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “სხვა შუადღეში” განაცხადა, რომ მოსულიშვილი არის მექრთამე, რომელმაც არქიტექტურის სამსახურში დააბრუნა ის დრო, როდესაც ქრთამებით გაიცემოდა ნებართები.

არქიტექტურის სამსახური აცხადებს, რომ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი