ახალი ამბები

დევიდ ბექჰემი: რატომ ვუჭერ მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას

21 ივნისი, 2016 • 1366
დევიდ ბექჰემი: რატომ ვუჭერ მხარს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი ბრექსიტის ანუ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგია და აპირებს, რომ მოახლოებულ რეფერენდუმში ქვეყნის ევროგაერთიანებაში დარჩენას დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბექჰემი განცხადებას ავრცელებს, სადაც აყალიბებს არგუმენტებს, თუ რატომ სურს ერთიან ევროპაში მისი ქვეყნის ყოფნა:

“მე მგრძნობიარე ვარ ჩემი ქვეყნის მიმართ და რა შედეგიც არ უნდა დადგეს ხუთშაბათის რეფერენდუმზე, ეს ქვეყანა ყოველთვის  იქნება დიადი. ყველა მხარეს აქვს აზრის თავისუფლება და ეს უფლება ყოველთვის უნდა იყოს გარანტირებული, რა შედეგიც არ უნდა მოიტანოს რეფერენდუმმა.

საუკეთესო წლები ჩემი ბავშვობის გუნდში, მანჩესტერში ვითამაშე. მე გავიზარდე ბრიტანელ მოთამაშეებთან ერთად, მათ შორის იყო რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი, ძმები ნევილები. გარდა ამისა, მანჩესტერში თამაშობდნენ გამოცდილი ბრიტანელი ფეხბურთელები: გარი პალისტერი, სტივ ბრიუსი და პოლ ინსი.

მაგრამ ჩვენ ვიყავით უკეთესი და წარმატებული გუნდი დანიელი გოლკიპერის, პიტერ შმეიხელის, ირლანდიელი ლიდერის, როი კინისა და ტექნიკური ფრანგის, ერიკ კანტონას დამსახურებით.

მე მქონდა პრივილეგია მეცხოვრა და მეთამაშა მადრიდში, მილანსა და პარიზში. ჩემი თანაგუნდელები წარმოადგენდნენ მთელ ევროპასა და მსოფლიოს. ამ ძალიან დიდმა ევროპულმა ქალაქებმა და ქომაგებმა სიყვარულით მიგვიღეს მე და ჩემი ოჯახი. მათ მოგვცეს საშუალება, სიამოვნება მიგვეღო ამ ქალაქების კულტურებისა და ადამიანების უნიკალურობით.

ჩვენ ვცხოვრობთ ცოცხალ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი შვილებისა და მათი შვილების გულისთვის ჩვენ პრობლემებს არა მარტო, არამედ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ.

ამ მიზეზების გამო მე მხარს ვუჭერ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას”, – აცხადებს ბექჰემი.

ხუთშაბათს, 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება რეფერენდუმი საკითხზე, უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის შემადგენლობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი