ახალი ამბები

ბრექსიტი ისევ გადაიდო, ბრიტანეთის პრემიერი კი ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძვის

30 ოქტომბერი, 2019 • 1208
ბრექსიტი ისევ გადაიდო, ბრიტანეთის პრემიერი კი ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძვის

2019 წლის 12 დეკემბრისთვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, დიდი ალბათობით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. როგორც BBC წერს, არჩევნებისთვის გზა პარლამენტში უკვე გაიკაფა და ლორდთა პალატაში მალე ხმის მიცემა შედგება.

არჩევნების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია. ჯონსონმა 17 ოქტომბერს მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან ბრექსიტის საკითხზე, თუმცა პარლამენტმა უარი განაცხადა სწრაფი წესით შეთანხმების რატიფიკაციაზე. ამის შემდეგ ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოუწერილი წერილი გაუგზავნა, სადაც ბრექსიტის საბოლოო ვადის გადაწევა სთხოვა. ევროკავშირმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საბოლოო ვადად 2020 წლის 31 იანვარი დააწესა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ამ ვადისთვის ბრექსიტი ვერ მოხერხდა, ევროკავშირმა შეიძლება კიდევ ერთ გადავადებას მხარი აღარ დაუჭიროს.

CBS News წერს, რომ ჯონსონს არჩევნების გზით სურს პარლამენტში ბრექსიტის დასამთავრებლად საჭირო უმრავლესობის მიღება. “არსებობს მხოლოდ ერთი გზა ბრექსიტის დასასრულებლად საპარლამენტო ობსტრუქციონიზმის, დაუსრულებელი, მიზანმიმართული თითების გადაჯვარედინების ფონზე. [პარლამენტარებს] არ სურთ ხალხის მიერ მოცემული მანდატით საქმის კეთება. ამიტომ, საჭიროა პარლამენტის განახლება და ხალხისთვის არჩევანის მიცემა“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონის მიერ ინიციირებულ არჩევნებს თემთა პალატის აბსოლოტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი – 438 ხმით 20-ის წინააღმდეგ. ოპოზიციურ ძალებს სურდათ, არჩევნებში მონაწილეობის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაეწიათ, თუმცა მათი შემოთავაზება ჩავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი