ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურების გასაზომად თბილისში სამი ახალი ავტომატური სადგური იდგმება

21 ივნისი, 2016 • 1998
ჰაერის დაბინძურების გასაზომად თბილისში სამი ახალი ავტომატური სადგური იდგმება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ავტომატური სადგური გადაეცემა, იაპონიის მთავრობის დახმარებით. სადგურები ქალაქ თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ვარკეთილში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე განთავსდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნოე მეგრელიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, ავტომატური სადგურები ჰაერის ფონური დაბუნძურების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ დრომდე მსგავსი დანიშნულების თითო სადგური მხოლოდ თბილისსა და აბასთუმანში იყო განთავსებული, რაც ამ ქალაქებში ჰაერის ფონური დაბინძურების სრული სურათის ასახვას ვერ ახერხებდა. სხვა ლოკაციებზე კი ჰაერის დაბინძურების ხარისხის შეფასება წელიწადში ოთხჯერ ინდიკატორული გაზომვების მეშვეობით ხდება.

მეგრელიძის თქმით, ავტომატური სადგურების შეძენა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში, რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, თბილისში არსებული სამი არაავტომატური სადგური ავტომატურით ჩანაცვლდება. ავტომატური სადგურები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელთა მეშვეობით ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო სადგურებიდან მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში მიიღებს და მათი ამოქმედების შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამ კუთხით უფრო ზუსტი სურათის შექმნის საშუალება ექნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი