ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოს 103 ქვეყნის 3000 ქალაქში, მათ შორის, თბილისსა და აბასთუმანში, ჰაერის დაბინძურების დონის განმსაზღვრელი მონაცემები გამოაქვეყნა. WHO-ს ცნობით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა მთელ მსოფლიოში.
ჰაერის დაბინძურების დონეს WHO ორი კრიტერიუმით ზომავს – მტვრისა და საწვავის წვის შედეგად ჰაერში მოხვედრილი ნაწილაკების მოცულობით.
WHO-ს მონაცემებით, თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში Pm10-ის მაჩვენებელი 55-ია, რაც დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება. Pm10 ჰაერში 10 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს. ასეთი შეიძლება მტვრის ნაწილაკები იყოს.
ამას გარდა, WHO-ს მონაცემებით, თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში Pm2.5-ის მაჩვენებელია 29, რაც დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ მეტია. PM2,5 ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს და ასეთი ნაწილაკები ატმოსფეროში საწვავის წვის შედეგად ხვდება.
ორივე მიკროსკოპული ზომის მყარი ნაწილაკებია, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით ფილტვებში ილექება და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჰაერში მათი გადაჭარბებული რაოდენობით არსებობა ადამიანების ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფთხეს უქმნის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი ფინეთისა და ისლანდიის ქალაქებშია. ამ ქვეყნების არც ერთი ქალაქი WHO-ს მიერ დადგენილ ზღვარს არ აჭარბებს. კერძოდ, ფინეთის ქალაქებში Pm10-ის მაჩვენებელი 4-დან 19-მდეა და მაქსიმალური მაჩვენებელი (19) დედაქალაქში, ჰელსინკიში ფიქსირდება.
WHO-ის მკვლევარების შეფასებით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში უფრო დაბალია და, შესაბამისად, ამ ქვეყნებში ბოლო 5 წლის განმავლობაში 5%-ით შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ნიგერიის ქალაქ ონიტშაშია (Pm10=594), მას მოსდევს პაკისტანის ქალაქი ფეშავარი (Pm10=540) და ირანის ქალაქი ზაბოლი (Pm10=527).
საქართველოდან WHO-ს მონაცემთა ბაზაში მხოლოდ ორი ქალაქის – თბილისის და აბასთუმნის მონაცემებია შესული. ეს მონაცემები ჯანმოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მიაწოდა. თუ რატომ არ აისახა კვლევაში საქართველოს სხვა ქალაქების მაჩვენებლები, ამ კითხვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნოე მეგრელიძემ გვიპასუხა. მისი თქმით, საქართველოში ამ მონაცემებს მხოლოდ ორი სადგური, თბილისისა და აბასთუმნის ავტომატური სადგურები აგროვებენ და, შესაბამისად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებშიც მხოლოდ ეს ორი ქალაქი მოხვდა. ორივე სადგური ჰაერის ფონურ დაბინძურებას ზომავს და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა სრული სურათის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა:
“თბილისში, სხვადასხვა უბანში დაბინძურების სხვადასხვა ხარისხია. თავის დროზე, როდესაც ეს სადგური მოგვცა ჰოლანდიის მთავრობამ, თვითონვე მონაწილეობდნენ კვლევაში, სად ჯობდა ამ სადგურის განთავსება, და რადგან ერთადერთი იყო, გადაწყდა იქ განთავსებულიყო, სადაც ფონური დაბინძურების გაზომვა შესაძლებელია”, – განმარტავს მეგრელიძე.
მეგრელიძის თქმით, ავტომატური სადგურების შეძენა და მათი ფუნქციონირება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ნოე მეგრელიძის ინფორმაციით, წელს იგეგმება თბილისში არსებული სამი არაავტომატური სადგურის ავტომატურით ჩანაცვლება. პროექტი იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ამოქმედების შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამ კუთხით უფრო ზუსტი სურათის შექმნის საშუალება ექნება.
მანამდე კი გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კონტროლს ინდიკატორული გაზომვებით აწარმოებს წელიწადში ოთხჯერ მთელი ქვეყნის მასშტაბით:
“ამ დროისთვის 10-ზე მეტი ქალაქი მოვიცავით. გაიზომა ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ჟანგეულები და ნახშირწყალბადები, ასევე, მიწისპირა ოზონი იზომება და კვარტლურად გაცილებით მეტ წერტილში ხდება სინჯების აღება,” – აცხადებს ნოე მეგრელიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასებით, საქართველოს არც ერთი ქალაქი ჰაერის დაბინძურების კუთხით საშუალო მაჩვენებელს არ აჭარბებს, ზოგ ქალაქში კი დაბინძურება დაბალია. მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული ვითარება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირდება, რადგან ამ ქალაქებში ავტოტრანსპორტის დატვირთვა ყველაზე მაღალია და სწორედ ესაა ჰაერის დაბიძურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი.
მეგრელიძის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყნებს მკაცრ კრიტერიუმებს უწესებს. მონაცემების შეფასებისას საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის დაწესებულ ნორმებს იყენებს: თუკი, WHO-ს სტანდარტით, ერთ კუბურ მეტრ ჰაერში Pm10-ის მაჩვენებელი 20 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს, ევროკავშირის სტანდარტით ნორმალური მაჩვენებელია 48. ხოლო Pm2.5-ის შემთხვევაში WHO-ს ნორმაა 10, ხოლო ევროკავშირის – 25.
აბასთუმანში Pm10-ის მაჩვენებელია 28, ხოლო Pm2.5-ის – 15, რაც WHO-ს ნორმას აჭარბებს, ევროკავშირის სტანდარტით კი ნორმის ფარგლებშია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ფლავია ბუსტეროს თქმით, ჰაერის დაბინძურება ზრდის უამრავი დაავადების გამომწვევის რისკს. მათ შორისაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის კიბო და ასთმა. ყველაზე მეტად ჰაერის ხარისხი კი ახალგაზრდებსა და მოხუცებზე ახდენს ნეგატიურ გავლენას. ამ მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოკვლეული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს. პრობლემის გადაჭრის გზად კი საწვავის გამოყენების შემცირებასა და განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების გაზრდას სთავაზობენ, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ნოე მეგრელიძის თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემუშავებული აქვს ჰაერის ხარისხის კონტროლის ეროვნული სტრატეგია.
“გვაქვს კონკრეტული მიზნები, რა უნდა იქნას მიღწეული და რა ღონისძიებები გატარდეს. მაგალითად, ავტოტრანსპორტის გაუმჯობესება, რაც ავტოპარკის გაახალგაზრდავებას და საწვავის ხარისხის კონტროლს გულისხმობს. იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც, ეკოლოგიურად სუფთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა. ეს პროცესი დაიწყო წელს. დიზელზე მომუშვე ავტობუსებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ბუნებრივ აირზე მომუშვე ავტობუსები”.
მეგრელიძის თქმით, დიზელზე მომუშავე ავტოტრანსპორტი ჰაერში გაცილებით მეტ მყარ ნაწილაკს გამოყოფს, ვიდრე ბუნებრივ აირზე მომუშავე, და ეს ცვლილებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხზეც აისახება.