ახალი ამბები

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრი ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

20 ივნისი, 2016 • 1745
თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრი ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ცილისწამების მოტივით კლინიკა “გულის” დირექტორის, ანზორ მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერის“ ეთერით ანზორ მელიამ განაცხადა, რომ მის კლინიკაში შემცირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებით მიღებული პაციენტების რაოდენობა. მისი თქმით, მაისიდან ივნისამდე ორი პაციენტი მიიღეს. 

ანზორ მელიამ განაცხადა, რომ მფარველობა კონკრეტული კლინიკებისა მიდის “უფრო მაღლა”, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროა. მისი თქმით, ეს არის კორუფცია და არ გამორიცხავს, რომ ფულის გათეთრებასთანაც ჰქონდეთ საქმე.

სამედიცნო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა ხორციელდება კონკრეტული კლინიკის სერვისების, შესაძლებლობების, ტერიტორიული პრინციპისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ძალიან შორს არის ნებისმიერი კორუფციული გარიგებებისგან – ცენტრმა შეძლო და დანერგა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პროგრამები. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამან გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი და ისინი წინასაარჩევნო პერიოდში დაუპირისპირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ უწყებას.

ცენტრი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს „უმოქმედო“ უწოდა, რასაც მოჰყვა ანზორ მელიას ყოვლად უპასუხისმგებლო და აბსურდული ბრალდებები. ცენტრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან.

„ბიზნესკურიერში“ გასული რეპორტაჟი მთლიანად აგებული იყო ცრუ ბრალდებებზე, რაც პირდაპირ ლახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მომუშავე თანამშრომლების, ექიმების ღირსებას, რომლებიც 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ ადამიანების დასახმარებლად და ხშირად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, აცხადებს ცენტრი.

სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის საპასუხოდ, „ბიზნესკურიერის“ გუნდს მოუწოდებს, გონივრულ ვადაში წარმოადგინოს კორუფციული სქემებისა და გარიგებების დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ცენტრი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი