ახალი ამბები

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება

20 ივნისი, 2016 • 2334
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება. 

მერიის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი დაიწყება 1 ივლისს, 13:00 საათზე.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირება შეეძლებათ 100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს (სოციალურად დაუცველი), ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით

მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები. ამ შემთხვევაში დარეგისტრირებისტვის საჭირო იქმება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი. რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგაბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge

მერიის ცნობით, 2016 წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება. დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღის დირექტორისა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს, აცხადებს მერია.

მერიის ცნობით, ოთხი ახალი ბაღის გახსნით, დამატებით 1500-მდე ადგილი შეიქმნა. ამასთან, მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, 85 ჯგუფი შეიქმნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა 3500-მა ბავშვმა შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი