ახალი ამბებისამართალი

ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

17 ივნისი, 2016 • 1863
ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

ყოფილი მსჯავრდებული პაატა ფხოველიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ფხოველიშვილის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  ყოფნისას არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა.

ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, 160 000 ლარს ითხოვს.

როგორც ფხოველიშვილის ადვოკატი ამბობს, ყოფილ პატიმარი დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს:

“ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება იყო დაწყებული. გამოძიებამ მიანიჭა მას დაზარალებულის სტატუსი. საგამოძიებო ორგანოების მიერ მიენიჭა მას დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ” – ამბობს ლონდარიძე.

პაატა ფხოველიშვილი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრთან”. ორგანიზაცია 2006-2012 წლებში სასჯელაღსრულების მოხელეების მხრიდან პატიმართა წამების ფაქტებს შეისწავლის. ნესტან ლონდარიძის თქმით, ორგანიზაცია ამ დროისთვის 10-მდე პატიმრის სარჩელს ამზადებს. მათგან რამდენიმეზე სასამართლოს უკვე მიმართეს, ნაწილი კი ამ დროისთვის დამუშვების პროცესშია:

“მოსამზადებელი სხდომებია თითქმის უმეტესობა.  ნაწილზე მორიგება გვაქვს შემოთავაზებული და ამაზე წავა მსჯელობა, მისაღებია თუ არა ეს ჩვენთვის. ნაწილს ახლა ვიწყებთ” – ამბობს ლონდარიძე.

წინასასამართლო სხდომაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სამინისტრომ მოითხოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა უშუალოდ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ იჩივლონ სასამართლოში და არა სახელმწიფოს (სამინისტროს) წინააღმდეგ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა.
პაატა ფხოველიძის სარჩელის არსებითი განხილვა ორშაბათს, 20 ივნისს დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი