ახალი ამბები

სერბეთის საპატრიარქო მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრება

16 ივნისი, 2016 • 1590
სერბეთის საპატრიარქო მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრება

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწროს, რომელიც კრეტაზე 17-26 ივნისს გაიმართება.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 15 ივნისის განცხადებაში წერია, რომ იაზრებს მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობას და სურს მიიღოს მასში მონაწილეობა იმისათვის, რათა ამ კრებამ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები და მახასიათებელი, რომელიც აქვს მსოფლიო საეკლესიო კრებებს ისტორიულად და დაიცვას მისი ღირსება.

სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდი აცხადებს, რომ, მეორე მხრივ, ითხოვს, პრობლემები და საკითხები, რომლებიც აწუხებს არა მარტო სერბეთის ეკლესიას, არამედ სხვა ეკლესიებსაც, რომლებმაც უარი განაცხადეს კრებაში მონაწილეობაზე, განიხილონ კრებაზე.

“მიგვაჩნია, რომ წმინდა და დიდი კრება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ეს საკითხები არ იქნება გათვალისწინებული”, – წერია განცხადებაში.

სერბეთის ეკლესიის სინოდის მოთხოვნაა, რომ კრეტაზე გამართული მსოფლიო საეკლესიო კრება იყოს დასაწყისი პროცესისა, რომელიც იმსჯელებს ყველა დასმულ საკითხზე, რაც უნდა გადაწყდეს სამუშაო პროცესში სწორედ იმ სულისკვეთებით, რომელიც აქვს ქრისტეს ეკლესიის ტრადიციებს.

თუმცა სერბეთის ეკლესიის სინოდი თავის პირობას აყენებს: იმ შემთხვევაში, თუ კრებაზე დამსწრე ეკლესიები ჩათვლიან, რომ არდამსწრე ეკლესიები კრებას ბოიკოტს რეალური მიზეზის არქონის გამო უცხადებენ და არ გაითვალისწინებენ ყველა წამოჭრილ საკითხსა და პრობლემას, სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლები, სამწუხაროდ, იძულებული გახდებიან დატოვონ კრება და შეუერთდნენ იმ ეკლესიებს, რომლებიც არ ესწრებიან კრებას, აცხადებს სინოდი.

მსოფლიო საეკლესიო კრება საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ტარდება 17-26 ივნისს. მას ამ დროისთვის არ ესწრებიან რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთისა და ანტიოქიის საპატრიარქოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი