ახალი ამბებისაზოგადოება

მსოფლიო საეკლესიო კრება სტამბულის ნაცვლად კრეტაზე გაიმართება

1 თებერვალი, 2016 • 3158
მსოფლიო საეკლესიო კრება სტამბულის ნაცვლად კრეტაზე გაიმართება

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მერვე კრება სტამბოლის ნაცვლად კუნძულ კრეტაზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მართლმადიდებელთა მსოფლიო საეკლესიო კრების მოსამზადებელი შეხვედრა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოს I-ის მიწვევით ჟენევაში 22-27 იანვარს გაიმართა.

მოსამზადებელ შეხვედრაზე შემუშავდა საკითხები, რომლებზეც ეკლესიათა მეთაურებმა უნდა იმსჯელონ. ესენია: ქრისტიანული ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, მართლმადიდებელთა დიასპორა, ავტოკეფალია და მისი მინიჭების წესი, ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები, მარხვის მნიშვნელობა და მისი გამოყენება დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან.

მოსამზადებელ შეხვედრაზე ეკლესიათა მეთაურებმა ასევე იმსჯელეს მართლმადიდებლური სამდივნოს შექმნაზე. მოსამზადებელ შეხვედრაზე მეთაურებმა მხარდაჭერა აღუთქვეს ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებს.

შეხვედრას კონსტანტინოპოლის პატრიარქის გარდა ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოსი, მოსკოვის პატრიარქი კირილე, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, რუმინეთის პატრიარქი დანიელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მთავარეპისკოპოსი რასტისლავი ესწრებოდნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განმარტებით, დღის წესრიგში არ შეიტანეს საერთო კალენდრის დადგენის საკითხი, ხოლო ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტს, – ,,ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები,“- რადგან სათანადო ცვლილება არ განიცადა, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერეს, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი კიდევ უნდა დამუშავდეს.

“მიიჩნევა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება (ავტორიტეტი) და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი”, -წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მართლმადიდებელთა მსოფლიო საეკლესიო კრება ბოლოს დაახლოებით 1200 წლის წინ, 787 წელს, ქალაქ ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი) გაიმართა. მერვე საეკლესიო კრების ჩატარებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ათეულობით წელია ცდილობს. სწორედ ამ მიზნისთვის 40 წლის წინ, 1976 წლის ნოემბერში, ჟენევაში შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და დღის წესრიგზე იმსჯელს. თუმცა კრება აქამდე არ მოწვეულა. 

სტამბულში დაფუძნებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების ჩატარება სტაბულში, აია-ირენეს ეკლესიაში სურდა. ღონისძების ჩატარების ადგილის 2015 წლის ნოემბრამდე სადავო არ გამხდარა. 

აია სოფიას მუზეუმი, სტამბული. 12.01.2016 EPA

აია სოფიას მუზეუმი, სტამბული. 12.01.2016 EPA

2015 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს.

რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, პუტინმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ წასულიყვნენ დასასველებლად თურქეთის კურორტებზე. ნატო-ს წევრ თურქეთს მხარდაჭერა აღუთქვა გენერალურმა მდივანმა და მოუწოდა მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ .

პოლიტიკურმა დაძაბულობამ გავლენა რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებზეც იქონია. Washingtonpost გასული წლის 18 დეკემბერს წერდა, რომ სწორედ გეოპოლიტკური დაპირისპირების გამო გაურკვეველი რჩებოდა, სად და როდის ჩატარდებოდა სტამბულში დადგეგმილი კრება.

interfax-religion.com-ის ცნობით, ჟენევის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა სტამბულში კრების ჩატარებას, და მისი მოთხოვნა გაითვალისწინეს.

ვლადიმერ პუტინი და პატრიარქი კირილი. 04.11.2015 ALEXEI DRUZHININ/RIA NOVOSTI/KRE EPA

ვლადიმერ პუტინი და პატრიარქი კირილი. 04.11.2015 ALEXEI DRUZHININ/RIA NOVOSTI/KRE EPA

გამოცემის ცნობით, რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ ალტერნატიულ ადგილად შესთავაზეს კუნძულები: ათოსი, როდოსი ან სხვა ადგილი.

“კრება სტამბულში არ გაიმართება. რუსეთის ეს პოზიცია გაითვალისწინეს. ჩვენ შევთავაზეთ ათოსი, როდოსი, ან სხვა ადგილი, თუმცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კრეტა შემოგვთავაზა. ვიცნობთ ამ ადგილს კარგად და შევთანხმდით, კრების ჩატარების ადგილად კრეტა შეგვერჩია”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო საეკლესიო კრება 16-28 ივნისს საბერძნეთში, კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი