ახალი ამბები

მამიკინსი: უვიზო საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება

13 ივნისი, 2016 • 1279
მამიკინსი: უვიზო საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება

დღეს, 13 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი განიხილეს. საკითხზე მოხსენებით წარდგა ევროპარლამენტარი ანდრეი მამიკინსი.

კომიტეტის დასკვნის პროექტში, რომელიც მამიკინსმა მოამზადა, წერია: “იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაცია, კომიტეტს სურს, სწრაფად დასრულდეს პროცედურა და საჭირო რეგულაციები რაც შეიძლება სწრაფად შვიდეს ძალაში, რათა მოქალაქეებმა იგრძნონ შესაბამისი სარგებელი”.

“ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება, ცუდ ვარიანტში – ოქტომბერში. პარლამენტარების უმრავლესობა ხმას სასარგებლოდ მისცემს”, – ანდრეს მამიკინსმა ეს რუსთავი 2–თან საუბარში განაცხადა.

ამავე ტელეკომპანიასთან საუბარში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება შესაძლებელი იქნება, როცა იქნება შეჩერების მექანიზმი.

შეჩერების მექანიზმის შემუშავება გახდა ოფიციალურად მოტივი იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოში შეფერხდა ვიზის ლიბერალიზაციის პროცედურა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭო 20 ივნისს შეიკრიბება და ამ საკითხს ისევ განიხილავს. იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონაში, აუცილებელია ამ საკითხის კენჭისყრა დადებითად დასრულდეს როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროპარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი