ახალი ამბები

არჩევნების პერიოდში ძალადობის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა

13 ივნისი, 2016 • 1297
არჩევნების პერიოდში ძალადობის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შევიდა

დღეს, 13 ივნისს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრეცვენციაა.

კანონპროექტი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად,  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც  მისი ხანმოკლე ან საერთო  შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ექვს თვემდე ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით,  ნაცვლად დღეს მოქმედი ერთ წლიანი პატიმრობისა.

ინიციატივის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დღეს მოქმედი ნორმა ცემისთვის პატიმრობას არ ითვალისწინებს.

ამასთან, კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  ხოლო ძალადობა, რომელმაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ამოიცნეს.

3 ივნისს ზუგდიდის სასამართლომ კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ ექვს პირს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა:

ხუთ ბრალდებულს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ეს პირები საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არიან ბრალდებულები. ხოლო  239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ბრალდებულ ვლადიმერ გ.-ს სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივლისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

23 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მომზადება, რომლითაც გამკაცრდება არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობაზე სანქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი