ახალი ამბები

აუდიტორია 115: მინისტრი დაგვპირდა, რომ ცვლილებების პაკეტს მთავრობის სხდომაზე გაიტანს

10 ივნისი, 2016 •
აუდიტორია 115: მინისტრი დაგვპირდა, რომ ცვლილებების პაკეტს მთავრობის სხდომაზე გაიტანს

9 ივნისს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლების შემდეგ, აუდიტორია 115-ს შეხვდა.

აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, მინისტრთან მეორედ შეხვედრის შემდეგ ისინი ოთხ პრინციპზე შეთანხმდნენ:

  1. ფაკულტეტის საბჭოსა და სენატში სტუდენტი წევრების არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
  2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ უნდა ჰქონდეს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
  3. თვითმმართველობის არსებული მოდელი უნდა გაუქმდეს; უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას, გარკვეული დათქმებით გადავა გარდამავალ დებულებაში, რომელზე შეთანხმებაც უახლოეს დღეებში უნდა შედგეს;
  4. შეიქმნას პლატფორმა, – განათლების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის პირველი სამუშაო თემა იქნება გარე რეფერირება და მისი დანერგვის მექანიზმები.

აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრი თორნიკე შევარდნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მინისტრი სტუდენტებს დაჰპირდა, რომ შეეცდება, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გაიტანოს “ცვლილებების პაკეტი”.

“ველოდებით ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მთავრობის სხდომაზე გატანას, რაზეც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანხმობა მივიღეთ”, – აღნიშნულია აუდიტორია 115-ის მიერ მინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ჯეჯელავა 9 ივნისს, აუდიტორია 115-თან შეხვედრამდე, თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ რეგულარულად აპირებს სტუდენტებთან შეხვედრას: “იმისთვის, რომ მუდმივმოქმედ რეჟიმში ვიმსჯელოთ – ანუ არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც ყველა სტუდენტს ექნება საშუალება (ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა), რომ მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში თემაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა (კონკრეტულ უნივერსიტეტში და არა მარტო) უკეთესი”, – განაცხადა მინისტრმა.

აუდიტორია 115-ის განცხადებით, “ახალი და პრობლემური საკითხების წამოჭრის შემთხვევაში, აუდიტორია 115 მზად არის, პრობლემების გადასაჭრელად იმუშაოს პლატფორმის ფარგლებში”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი