ახალი ამბები

პაატა სალია: ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

10 ივნისი, 2016 •
პაატა სალია: ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა

ადვოკატი პაატა სალია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე ქიბარ ხალვაშის ინტერესებს იცავდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს:

“ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენ მიერ იყო სასამართლოში წარდგენილი. ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს დავა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა ჯერ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ქიბარ ხალვაში ამ ბრძოლაში მოიპოვებს გამარჯვებას,” – განაცხადა პაატა სალიამ.

დღეს, 10 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი