ახალი ამბები

შსს–მ რუსთავი 2–ის ჟურნალისტის მიმართ პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დაიწყო სამართალწარმოება

9 ივნისი, 2016 • 1641
შსს–მ რუსთავი 2–ის ჟურნალისტის მიმართ პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით დაიწყო სამართალწარმოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე, რომელიც არის რუსთავი 2–ის რეპორტიორი გურიაში და ადგილობრივი გაზეთის, “გურიის მოამბის” დამფუძნებელი, დღეს გამოკითხვის მიზნით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო “გურიის მოამბის” ცნობით, მენაბდე პოლიციას დაკავებული ჰყავდა. თავად ჟურნალისტს ამ დროისთვის ვერ ვუკავშირდებით, რადგან მისი ტელეფონი გათიშულია.

როგორც გურიის მოამბე იუწყება, ვლადიმერ მენამდე ოპერატორთან ერთად ურეკში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციას იღებდა, რა დროსაც მასთან ორი უცნობი მამაკაცი მივიდა და გადაღება აუკრძალა. გამოცემის ცნობით, გადამღები ჯგუფი ურეკში ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩავიდა, რომლის თანახმადაც ადგილზე გამგებელსა და საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რისი მიზეზიც მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა გახდა, რომლის გაკეთებასაც მოსახლეობა ზღვის სეზონის დაწყებამდე მოითხოვდა და ამის გამო მართავდნენ დღეს აქციას.

მენაბდემ “გურიის მოამბესთან” საუბარში განაცხადა:

“ამ თემაზე ვაკეთებდით სიუჟეტს, დასრულებული გვქონდა მუშაობა, მოვდიოდით უკან. ოპერატორს დამატებით კადრები სჭირდებოდა, ამ დროს მოვიდა პიროვნება მუქარითა და შეურაცხყოფით, პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, პრეტენზია ჰქონდა „რუსთავი2“-ზე, რომ ჩვენ ყველაფერს არასწორად ვაშუქებთ და აგვიკრძალა გადაღება. არ მისცა ოპერატორს იმის უფლება, რომ გზა გადაეღო.  ჩვენ ვერ გავიგეთ, ვინ იყო ეს ადამიანი, ის გაგვეცნო, როგორც ზური ოთხოზორია. დავაზუსტეთ შემდეგ და აღმოჩნდა, რომ მოიტყუა ეს სახელი და გვარი, აღმოვაჩინეთ, რომ ეს იყო ივანიშვილის ოჯახის ახლობელი გვარად ქიმუცაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს.

შემდეგ ადგილზე მოვიდა პოლიცია, რომელსაც რამდენჯერმე მივმართე და ნაცვლად იმისა, დავეცავი, მითხრა, რომ ვიყავი დაკავებული, შემდეგ მოვიდნენ სხვა პოლიციელები, როგორც ურეკის, ასევე ოზურგეთის განყოფილებიდან. შემდეგ მოვიდნენ გურიის  მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ქიმუცაძე ხელმძღვანელობდა ამ პოლიციელებს, მისი დირექტივის ქვეშ იქცეოდნენ. აგრძელებდა ეს ადამიანი შეურაცხყოფას და მუქარას.

მიუხედავად ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, პოლიცია არანაირ ზომებს არ ღებულობდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა, ამირან ჩეთკურიშვილმა, რომელიც მე გამეცნო ურეკის პოლიციის უფროსად, ადგილიდან გააპარა ეს ქიმუცაძე. არანაირი შეხლა – შემოხლა არ მქონია პოლიციასთან. პოლიციელმა სცადა მეხსიერების ბარათის წართმევა, მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება, ამ დროს მან ჩაამტვრია ჩემი მანქანის სარკე. უბრალოდ ვეუბნებოდი, გამარკვიეთ, რა ხდება. არ გამარკვიეს, არაფერი არ მითხრეს“.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განმარტებაში.

შსს–ს ცნობით, “წინასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტი ლადო მ. ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომლებიც საკუთარი სახლის წინ სადილობდნენ. ადგილობრივებმა მენაბდის მიერ მათი უნებართვოდ გადაღების ფაქტი გააპროტესტეს. ინციდენტის ადგილზე მივიდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს ურეკის განყოფილების უბნის ინსპექტორი, რომელიც ახლომდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა”.

როგორც შსს განმარტავს, პოლიციის თანამშრომელმა კონფლიქტის განმუხტვა სცადა და ინციდენტის მონაწილე პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ამ დროს ჟურნალისტმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სამართალდამცველს შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევის მიზნით, უბნის ინსპექტორმა ჟურნალისტის შეყოვნება სცადა და მას პოლიციის განყოფილებაში მისვლა სთხოვა. თუმცა ლადო მ. არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია. უბნის ინსპექტორს მან ხელი ჰკრა, რა დროსაც სამართალდამცველი მიეჯახა ჟურნალისტის ავტომანქანის საქარე მინას და ხელი დაიზიანა. დაზიანდა საქარე მინაც. ადგილზე მივიდნენ გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის სამმართველოს თანამშრომლები და კონფლიქტში მონაწილე მხარეები, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმიდინარეობს. ჟურნალისტ ლადო მ-ს მიმართ კი დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და პოლიციელის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს–ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი