ახალი ამბები

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს

8 ივნისი, 2016 • 1137
საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტრთა კონფერენცია – „ბათუმი 2016“ სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.

ბათუმის მინისტერიალის ფარგლებში საქართველო 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრების, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა, ასევე, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა მიმართეს.

“გარემო ევროპისათვის” პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.

პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. ამ დროისთვის სულ 7 კონფერენცია გაიმართა. ჩეხეთის გარდა შეხვედრები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).

მასალების გადაბეჭდვის წესი