ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა: თსუ-ში მძიმე მდგომარეობა არ არის

7 ივნისი, 2016 • 1821
ალექსანდრე ჯეჯელავა: თსუ-ში მძიმე მდგომარეობა არ არის

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მძიმე მდგომარეობა არ არის, ხოლო სიმწვავე კონკრეტულ საკითხებშია, რომელთა გადაწყვეტა დროში გაიწელა.

მინისტრის თქმით, “აუდიტორია 115”-ის წევრები არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და სურთ, რომ თსუ და ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში იყოს მოწინავე, პროგრესული და საერთაშორისო სტანდატრებზე აგებული.

ცალსახად ვიზიარებ ამ პოზიციას მეც და სამინისტროც, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და გუშინდელი მეთოდებით დღეს მუშაობა შეუძლებელია, აცხადებს ჯეჯელავა.

“სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში. სამწუხაროდ, გაიწელა რაღაც საკითხებში გადაწყვეტილების მიღება და, შესაბამისად, სტუდენტები სავსებით ვალიდურად აფიქსირებენ საკუთარ სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს. ეს შეეხება კონკრეტულად იმ საკითხებს, რომლებიც პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას შეთანხმდა”, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, რომ კიდევ ერთხელ ისაუბრეს სტუდენტებმა მასთან საკუთარ მოხთხოვნებზე და იმედი აქვთ, რომ მათთან კონსტრუქციულად იმუშავებს.

“მე მივიღე სტუდენტებისაგან დავალება, რომ ძალიან ოპერატიულ რეჟიმში მთავრობაში ეს საკითხები გადავწყვიტო და რასაც შევუდგები დაუყოვნებლივ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ თვითმმართველობის სისტემის რეფორმა არის მნიშვნელოვანი. იგი აუცილებლად შეხვდება თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, რომელიც ჩართულია პროცესებში.

აუდიტორია 115-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მათ დააყენეს ორი მოთხოვნა.

“ჩვენ დავაყენეთ ორი ძირითადი საკითხი. პირველი: რაზეც პრემიერთან და ყოფილ განათლების მინისტრთან შევთანხმდით. ისინი დაგვპირდნენ, რომ განათლების შესახებ კანონში მუხლები გადავიდოდა გარდამავალ დებულებებში ან შეიცვლებოდა. ამაზე ჩვენ ერთი თვის წინ გვქონდა შეთანხმება, მაგრამ რატომღაც ეს შეთანხმება არ განხორციელდა. ახალი მინისტრი დაგვპირდა იმას, რომ გაარკვევს ხუთშაბათამდე საკითხს – რჩება თუ არა დებულება ისეთი სახით, როგორც არის, თუ გადადის გარდამავალ კანონში. ხუთშაბათამდე ამაზე პასუხს მივიღებთ. კრიზისი ცხელი ფაზიდან ამის შემდეგ გადაინაცვლებს ცხელიდან უფრო გრილ ფაზაში.

მეორე საკითხი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ განათლების მინისტრთან, არის ის, რომ უნივერსიტეტებში ხარისხის კონტროლი შესაბამისად ვერ ხორციელდება. ამისათვის არსებობს ერთადერთი რეალური ბერკეტი გარეშე რეფერირების სახით და ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე თქვას განათლების მინისტრმა და სამინისტრომ, მათ პოლიტიკას შეესაბამება თუ არა ხარისხის კონტროლი გარეშე რეფერირებით”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მინისტრთან შეხვედრა დღეს, 10 საათზე თსუ-ში დაიწყო.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება. 7.06.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი