ახალი ამბები

კომიტეტმა კანონმდებლობიდან “სექსუალური ორიენტაციის” ამოღებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

6 ივნისი, 2016 • 2475
კომიტეტმა კანონმდებლობიდან  “სექსუალური ორიენტაციის” ამოღებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

დღეს, 6 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო   ზვიად ტომარაძის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინები – “სექსუალური ორიენტაცია” და გენდერული იდენტობა” უნდა ამოიღონ.

დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მისაღებად შვიდი დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომათა დარბაზში კი ამ რაოდენობის დეპუტატები არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, გედევან ფოხაძემ კენჭისყრა გადადო.

სხდომის მიმდინარეობისას გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ  თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ვინმეს დისკრიმინაცია მოხდება, “ანტიდისკრიმინაციული კანონი” მას მაინც უნდა შეეხოს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა აღნიშნული ტერმინები კანონში ასახული.

სიტყვით გამოსვლისას სოსო მანჯავიძემ ანტიდასავლური რიტორიკა გამოიყენა და აღნიშნა, რომ  უვიზო მიმოსვლას არ გვაძლევენ, ხოლო ანტიდისკრიმინაციული კანონი “მიღებული შეგვრჩა” :

“ამ კანონის მიღების არგუმენტი იყო, რომ ვიზალიბერალიზაციას გვაძლევენ და თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ მივიღებთ, ვიზალიბერალიზაცია არ იქნება. კანონი დიდი ხანია მივიღეთ და ახლა ირკვევა, რომ თურმე ქართული დანაშულებრივი ჯგუფები პრობლემებს უქმნიან გერმანალებს და სხვებს და აღარც ვიზალიბერალიზაციას გვაძლევენ. ანტიდისკრიმინაციული კანონი შეგვრჩა ასე მიღებული. ამას ქართულად რაც ჰქვია, ვიცით,” -განაცხადა მანჯავიძემ.

“რესპუბლიკელების” ფრაქციის წევრმა თეიმურაზ ნერგაძემ ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები ვიზების ლიბერალიზაციის პროცესთან დააკავშირა:

“როცა ლაპარაკს ვიწყებთ ვიზების ლიბერალიზაციაზე, რაღაცები ერთმანეთს ემთხვევა. რაღა დღეს მოგინდათ ამ კანონპროექტის გმაოტანა, როცა ხვალ უნდა შეიკრიბოს “ჯარი” და ვიზებზე გადაწყვეტილება მიიღოს. რაღა გუშინწინ მოუნდათ მუსიკალური ფესტივალის დარბევა, რომელიც ექვსი წლის მანძილზე ტარდებოდა, რაღა 1 კვირის წინ მოუნდათ მართლა ფაშისტებს ვეგანურ კაფეში შეჭრა, როცა ხუთი წელია კაფე არსებობს?  სტატიის გამო როგორ შეიძლება ვიზებზე ასე ლაპარაკი? აქ ქადაგებას ვერ მოვისმენ. 1978 წლიდან ეკლესიაში დავდივარ, მაშინ, როცა ბევრი კომკავშირში დადიოდა. ქადაგებას მოვისმენ ყველგან, პარლამენტის გარდა, პარლამენტში ქადაგება არ “მოსულა.”

კანონპროექტი  ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში, ასევე, სისხლის სამართლის და შრომის კოდექსში.

სოსო მანჯავიძის გარდა კომიტეტის სხდომას ინიციატივის მხარდამჭერი მღვდლები, ასევე,  დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვა მოქალაქეები ესწრებოდნენ. ისინი მოსაზრების გამოთქმისას ჰომოფობიური ტერმინოლოგიით და სიძულვილის ენით ლაპარაკობდნენ.

უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი კანონის მიღებას 2014 წელს, თუმცა სხვების მსგავსად, სიძულვილის ენის გამოყენებასაც არ მორიდებია:

“ბევრ რაღაცას ვიზიარებ, რასაც ლაპარაკობთ, მომხრე ვარ იმის, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას შევეწინააღმდეგო, შევეწინააღმდეგო უმცირესობის უმრავლესობაზე ძალადობას, მაგრამ  მე არ მაინტერესებს, ვინ როგორ იცხოვრებს.  ჩემს სახელმწიფოებრიობას არაფერი უდნა დაემუქროს და ჩემს რწმენას არ უნდა დაემუქროს არაფერი. ამ კანონს ხმა იმის გამო მივეცი, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარაება, თუ ვინმეს არ სჯერა, ამ კანონით იმას ვამტკიცებ, რომ არავის არსად ვუვარდები, თავში არაფერს ვურტყამ, არავისზე ვძალადობ,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

“2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის და გენდერული ინდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

2015 წლის 16 სექტემბერს იმავე ინიციატივით  “ქართული ოცნების” წევრი სოსო ჯაჭვლიანი გამოვიდა, თუმცა მისი განცხადება განცხადებად დარჩა.

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები 2014 წლის 2 მაისს 115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კანონის თანახმად, პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ კანონპროექტი არაეფექტურად მიიჩნიეს, რადგან კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ინიცირებულ ვარიანტში საუბარი აღარ იყო სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა.

ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი