ახალი ამბები

პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელი გამკაცრდა

3 ივნისი, 2016 • 2211
პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელი გამკაცრდა

დღეს, 3 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიზანი პირადი და ოჯახური საიდუმლოს გამჟღავნებისთვის სასჯელის გამკაცრებაა.

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 157(1) მუხლი, რომლის მიხედვით,  ” პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.”

ასევე, “პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ეს ქმედება ჩადენილი ანგარებით და/ან არაერთგზის, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.  ამასთან, თუ ეს ქმედებები ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურეობრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა საიდუმლოს დაცვა, ან ეს ქმედება ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით  – ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაული 2012 წელს ამნისტირებულია.

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონში ნათქვამია: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა.

კანონმდებლებმა კანონში გააკეთეს დათქმა, რისი წყალობითაც ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ნაწილს არ შეეხო, თუმცა ამ გამონაკლისებში არ ფიგურირებს სისხლის სამართლის კოდექსის არც 157-ე (“პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა”) და არც 158-ე მუხლი (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა).

მასალების გადაბეჭდვის წესი