სამართალი

პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაული 2012 წელს ამნისტირებულია

24 მარტი, 2016 • 1923
პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაული 2012 წელს ამნისტირებულია

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილი წინა ხელისუფლების პირობებში ჩაიწერა, თუმცა კანონის იმ მუხლის ამნისტია, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფას ეხება, 2012 წელს სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურებით მოხდა.

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონში ნათქვამია: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა.

კანონმდებლებმა კანონში გააკეთეს დათქმა, რისი წყალობითაც ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ნაწილს არ შეეხო, თუმცა ამ გამონაკლისებში არ ფიგურირებს სისხლის სამართლის კოდექსის არც 157-ე (“პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა”) და არც 158-ე მუხლი (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა).

საიას იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის 28 დეკემბრამდე უკანონო ბრძანება გასცეს ან სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები უკანონოდ გადაიღეს, პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან.

მაგრამ ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაბამის ჩანაწერებს ამნისტიის გამოცხადების შემდეგაც ინახავენ, ან ამნისტიის გამოცხადების შემდეგ გააკეთეს ჩანაწერები. ამნისტია არც იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებმაც  სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვიდეო ცოტა ხნის წინ Youtube-ზეც გაავრცელეს. უკანონო ჩანაწერის შენახვა განგრძობითი ხასიათის დანაშაულია და მას კონკრეტული პერიოდისათვის გამოცემული ამნისტია ვერ გაანეიტრალებს.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბერში გაანადგურეს 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს შეიცავდა. წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებები ამ კუთხით “ქართული ოცნების” წევრებს სისტემურ დანაშაულში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, რადგან ამ ოდენობის უკანონო ჩანაწერის გაკეთებას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვერ შეძლებდა. თუ ასეა, რატომ მოხდა ზემოხსენებული მუხლების ამნისტირება და იმ ადამიანების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ვინც ადამიანების სექსის და სხვა სახის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გაკეთებისთვის მუშაობდა?

ნეტგაზეთმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ჰკითხა,  ხომ არ იყო დაშვებული შეცდომა, როდესაც ამნისტია პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულებებსაც შეეხო?

დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამნისტია თავის დროზე ზემოხსენებულ მუხლებს არ შეხებია, რითიც მიანიშნებს, რომ არასწორი ინფორმაცია გვაქვს. დეპუტატის განმარტებით, სსკ-ს 157-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც პირადი ცხოვრების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ხელყოფას ეხება, მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადიოდა [7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა] და არა ნაკლებად მძიმეში, რომელზეც ამნისტია ზემოხსენებული ფორმით გამოცხადდა. 5 წლამდე დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულად ითვლება, ხოლო 5-დან 10-წლამდე – მძიმედ.

“მაგ მუხლით გათვალისიწინებულ დანაშაულს ამნისტია არ შეხებია. კონკრეტული ჩამონათვალია იმ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლებისა, რომლებზეც ამნისტია, გამოცხადდა, მაგრამ ამ მუხლებს რომ არ შეხებია, ამიტომაც მოგვიანებით ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალურად ცალკე ამნისტია და მივმართეთ [მოქალაქეებს: ],თუკი ვინმე ინახავდა ფარულ უკანონო ჩანაწერებს, წარმოედიგნათ, რომ გათავისუფლებულიყვნენ პასუხისმგებლობისგან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბევრი ფაილი იყო გატანილი. ვადაც დავადგინეთ, თუ არ ვცდები, 3-თვიანი, რათა შეგვეწყო ხელი იმისთვის, რომ ეს მასალები წარმოდგეინათ. მე როგორც სამართალდამცველებისაგან ვიცი, ამით არავინ ისარგებლა”, – გვითხრა ბესელიამ.

ნეტგაზეთმა საკანონმდებლო მაცნეში გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადი ცხოვრების ხელყოფის მუხლი 2014 წელს დამძიმდა, როდესაც კანონში ჩაიწერა, რომ ამ ტიპის დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. მანამდე, ანუ ამნისტიის გამოცხადების დროს, 2012 წელს ეს ქმედება მაქსიმუმ სამწლიანი პატიმრობით ისჯებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის კრიტერიუმში ჯდება.

რაც შეეხება სპეციალურ ამნისტიას, რომელსაც ეკა ბესელია ასახელებს, ის მართლაც გამოცხადდა, ოღონდ 2013 წელს, როცა 2012 წლის დეკემბერში პირველი ამნისტია უკვე მიღებული იყო. 2013 წლის სპეციალური ამნისტია ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონო ფარულ ჩანაწერებს ფლობდნენ.

2013 წელს შსს-ში ათასობით ფაილის განადგურების პროცესში არაერთი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის არასამთავრობო სექტორიდან. ამ საკითხზე მთავრობას ეხმარებოდა სპეციალური მრჩეველი თომას ჰამერბერგიც. იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მაშინ მხოლოდ ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდა:

“ სხვა ტიპის კადრები, მაგალითად, საუბარი ოჯახის წევრებს შორის, არ განადგურებულა. იმ მომენტში სწორედ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობდა იმას, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გადაიღო, პასუხისგებაში არ ყოფილიყო მიცემული. გარკვეული ტიპის მასალა დარჩა იმისათვის, რომ პროკურატურას გამოძიება ეწარმოებინა და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ამ მასალების გაკეთებასთან, პასუხისგებაში მიეცა. თუმცა ეს არ გვინახავს”, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

ამ პროცესში კიდევ ერთი ფაქტორია მნიშნელოვანი: 2012 წელს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ჯერ ამნისტია გამოცხადადა, ხოლო მასალები მოგვიანებით, 2013 წელს განადგურდა.

“ქართული ოცნების” ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი “ნეტგაეზთთან” საუბარში ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ზემოხსენებული ამნისტიის დეტალებზე კომენტარს იურისტები გააკეთებენ. თუმცა, მისი თქმით, თუ ჩანაწერების მომზადებაში ჩართული პირები გამოვლინდებიან, ან მათ დააკავებენ, “ასე ადვილი გამოსავალი არ ექნებათ”. ვოლსკი მხარს უჭერს, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულზე სასჯელი გამკაცრდეს. ეს ინიციატივა უმრავლესობაში უკვე მუშავდება.

რას ნიშნავს 2012 წელს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის ამნისტირება –  შეცდომას, განზრახ გარკვეული მიზნებისთვის გაკეთებული ქმედებას, თუ მხოლოდ ჰუმანური აქტი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე? დღეს ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს.

თანაც,  ფარულ თვალთვალში ახალი ხელისუფლებაც არაერთხელ დაადანაშაულეს, მათ შორის- რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ.

ამ თემებზე თავისი მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ლევან ბერძენიშვილს:

“ჩვენ დამნაშავეებს თუ ვიპოვით, მოვიფიქრებთ, როგორ მოვახერხოთ დასჯა. არა მგონია, რომ ისინი ავტომატურ რეჟიმში იყვენ დაცულები. ბოლოს და ბოლოს, არის სხვა მუხლები, რომლებიც მათ დარღვეული აქვთ. უკანონო ბრძანების შესრულებაც დანაშაულია და საერთოდ, ეს არის დანაშუალი კაცობრიობის წინააღმდეგ. მთავარია, დამნაშავეები ვიპოვოთ. ახლა გვაქვს ეს განწყობა.”.

ბერძნიშვილის თქმით, “ როგორც ჩანს, იყო დრო, როდესაც ეს განწყობა არ იყო იმ უბრალო მიზეზით, რომ გამარჯვების ეიფორია არსებობდა და ყველას ეგონა, რომ ჩვენი მოსვლით ყველა საკითხი გადაწყდა, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, თავის სამსახურში რჩებოდა. ეს ერთი, ორი, 100 კაცი არ არის, ეს ბევრი ადამიანია… მთელი სამსახურებია. ჩემთვის, სამწუხაროდ, ცნობილია მათი ხასიათი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან. მე ვიცი ვის და როგორ წერდნენ შევარდნაძის დროინდელი სამსახურები. ვიცი, რა კადრები ჰქონდათ, როგორ იყენებდნენ. ამიტომ ჩემთვის არაფერი საიდუმლო არ იყო. სახელმწიფო რომ ამ ხალხზე ასე იოლად უარს ვერ ამბობს, ეგ ნიშნავს, რომ ისინი აგენტურით მუშაობენ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო ნაწილია მათთვის და ვერ აუხსნით, აგენუტრა კარგია თუ ცუდი. მე ხელს არ ვართმევ აგენტებს, რუსეთის იმპერიაში სამხედროები ჟანდარმერიას არ ართმევდნენ ხელს, მაგრამ ჟანდარმერია არსებობდა, ისევე როგორც არის ახლა საიდუმლო სამსახური… იყო და არის, მაგრამ თუკი ვინმე ჩათვლის, რომ ავტომატურად ამნისტირებულები არიან, გთხოვთ, არ დაიჯეროთ იმ მარტივი მიზეზით, რომ არის გაცილებით მაღალი ნორმები, რომლებიც განსაზღვრულია კონსტიტუციურადაც და საერთაშორისო დოკუმენტებითაც, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. ნებისმიერი დანაშაულის გადაკვალიფიცირება შეიძლება იმდენად მძიმეა [ეს დანაშაული], რომ მხოლოდ მაგ მუხლში ვერ მოხვდება”.

კითხვას, რატომ რჩებიან ეს ადამიანების სისტემაში, იგი პასუხობს:

“იმიტომ, რომ ეს სამსახურები არაა გაუქმებელი, იმიტომ, რომ ეს სამუშაოები სჭირდებათ… ასეთი წარმოდგენა აქვთ და სანამ არ არსებობს ალტერნატივა, ძალიან ძნელია უკარნახო. პარლამენტში ისიც გავიგონე, რომ უნივერისტეტში ოდეერი საჭიროა. რას არ გაიგებს კაცი. რა თქმა უნდა, ვერნაიარი ამნისტია უხარვეზო ვერ იქნებოდა, მით უმეტეს, ამხელა მასშტაბების, მით უმეტეს, ასეთ ტალღაზე, როცა არავის წინა ხელისუფლების დანაშაულში ეჭვი არ ეპარებოდა, ძალიან ბევრი რამ მოხდებოდა მაგ დროს. კარგია, რომ განსკაუთრებული შეცდომები არ დაგვიშვია. რაც შეეხება ამ მუხლს და მასზე ფიქრს, როგორც ჩანს, ნაკლებად იყო აქტუალური”.

“აქტუალური, სამწუხაროდ, არის არა დამზადება [რომელიც შეიძლება კიდევ ხდება, მე ვერ გეტყვით. შეიძლება სულ სხვა მოტივით კეთდებოდეს უსაფრთხოება, უშიშორება და ასე შემდეგ]… ალბათ მიმდინარეოებს ფარული თვალთვალი, მათ შორის სანქციით, უსანქციოდ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე ყოფილი პატიმარი ვარ, ასე რომ, ამ სისტემის მიმართ დიდი ნდობით ვერ გამოვირჩევი. ჩემი მეზობლები ჰყავდათ ამ საქმეებში ჩართული, ასე რომ, არაფერი საიდუმლო არ არის ჩემთვის. მაგრამ მთავარი არის, რომ ვიპოვოთ დამნაშავეები”, – ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ მისი აზრით გადამღებების პოვნა ძნელი არ არის, რადგან შტაზის [აღმოსავლეთი გერმანიის უშიშროების სამინისტრო]  მასალების მაგალითით მისთვის ცნობილია, რომ თითოეულ ფაილს უკეთდება ნიშანი, რომლითაც იცნობა ნომერიც, გადამღებიც და დავალების გამცემიც.

“მაგათი პოვნა ძნელი არ არის, ძნელია იმათი პოვნა, ვის ხელშიც შემდეგ აღმოჩნდა”.

იურისტი გიორგი გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ამნისტია ზემოხსენებულ დანაშაულს საკმაოდ გაუაზრებლად შეეხო, რამაც ახლა სამართლებრივი პრობლემა გააჩინა გამოძიების თვალსაზრისით.

“ამნისტირებულია ის ნორმები, რომლებიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს დარღვევას და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელებას ეხება – 157-ე და 158-ე მუხლი. მისი ამნისტირება 2012 წელს მოხდა, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის და, შესაბამისად, ამ მუხლებითაც კი არ მიმდინარეობს იმ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებმაც 2012 წლამდე ეს კადრები გადაიღეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აწარმოებს გამოძიებას, თუმცა ასეთი კვალიფიკაცია შეიძლება სადავო იყოს… შეიძლება ძალიან ბევრმა იურისტმა თქვას, რომ ეს მუხლი არ არის ამ დანაშაულის შემცველი [რასაც 157-ე და 158-ე მუხლები ითვალისწინებდა]. ანუ ამ კუთხითაც შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები, თუკი ის პირები ნამდვილად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. იმედს გამოვთქვამ, რომ თანამდებობრივი დანაშაულის კუთხით მაინც იქნებიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემული, თუმცა იურისტების სხვა ჯგუფი შეიძლება არ დამეთანხმოს იმაში, რომ ეს შესაფერისი მუხლია, რისთვისაც [2012წლამდე ანუ ამნისტიამდე] ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ერთი სიტყვით, აქ ცალმხრივი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია”, – ამბობს იურისტი.

კადრი ფილმიდან "სხვების ცხოვრება",

კადრი ფილმიდან “სხვების ცხოვრება”,

მასალების გადაბეჭდვის წესი