ახალი ამბები

ბესელია: სწორია, რომ კორცხელის ინციდენტზე პროკურატურა წინასწარ პატიმრობას არ ითხოვს

3 ივნისი, 2016 •
ბესელია: სწორია, რომ  კორცხელის ინციდენტზე პროკურატურა წინასწარ პატიმრობას არ ითხოვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტის მონაწილეების მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არსებობს:

„საქართველოს აქვს რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენის წონასწარი პატიმრობის ღინისძიება. ის, რომ პროკურატურა  არ ითხოვს პატიმრობას – ეს არის სწორი გადაწყვეტილება. პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.  ეს ადამიანები თავად გამოცხადდნენ გამოძიების ორგანოში, თავად მისცეს ჩვენება. პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. გამიკვირდებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო,”– აღნიშნავს ბესელია.

2015 წლის 3 ოქტომბერს “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები:  ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია ქუთაისში დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებოდათ ბრალად. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. ეს პირები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, 2015 წლის 26 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ეკა ბესელიას აზრით, ამ ინციდენტთან კორცხელის ინციდენტის შედარება სამართლებრივი პრინციპების უგულვებელყოფაა:

“პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება, პიკეტირება და პარლამენტის წევრების მიმართ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება სხვა შინაარსის მატარებელია, ვიდრე ის, რაც იყო საარჩევნო უბანზე. მე არ ვამბობ, რომელი უფრო მძიმეა და ნაკლები, სხვაფასხვა შინაარსია. ვინც პარალელს ავლებს ამ და ლორთქიფანიძის შემთხვევას შორის, ეს სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფაა.  ყველა საქმე ერთნაირი პრინციპით არ განიხილება,”- განაცხადა ბესელიამ.

1 ივნისს კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ხულიგნობის მუხლით ბრალი წარედგინა. 

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი ამოიცნეს.  თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო იმის შესწავლა, ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა რიგითი ლაშა დვალიშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბანთან მომხდარ ძალადობაში. ინფორმაცია ინციდენტში მის მონაწილეობაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი