ახალი ამბები

პროკურატურა: გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

1 ივნისი, 2016 • 2025
პროკურატურა: გვარამიას მიერ პროკურატურის მისამართით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს  ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით  გაკეთებული  განცხადება და მასში  მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას.

“საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს ცალსახად განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება, მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებებლი ინფორმაციის გავრცელებით, დაინტერესებული მხარეები მიზნად ისახავენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად მსგავსი უპასუხისმგებლო და გადაუმოწმებელი განცხადებისა, პროკურატურა არ და ვერ იქნება ჩაბმული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავაში.

გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიასაშუალებას, ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაციის რეალობა ჩვენთან, რომ მომავალში არიდებული იქნას მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის ფაქტები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვარამიას თქმით, კონფიდენციალური წყაროსგან მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს გუჯაბიძე “თაღლითობაში იყო შემჩნეული”.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო სახსრები. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ამ თანხებს ითვისებდა. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. იუსტიციის საბჭომ დაიწყო მოკვლევა. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, მოითხოვა საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. არათუ პროკურტაურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, არამედ სადისციპლინო დევნაზეც  და სადისციპლნო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე. ნათია გუჯაბაძიეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს, რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩაითვლა ის ფაქტი, რომ გუჯაბიძე, როგორც მინიმუმ, ცრუობდა, მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, როგორც მინიმუმ, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას.

მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. რუსთავი 2 წინააღმდეგია, მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის ამავდროულად განსაკუთრებულად მოწყვლადიც არის  საქართველოს პროკურატურის მიმართ”, – განაცხადა გვარამიამ.

ნათია გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და იმ კოლეგიის წევრია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს.

სააპელაციო სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც სასამართლოში აცხადებენ, ამ თემაზე ვრცელ განმარტებას სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი