ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილს საიაში არ ეთანხმებიან

1 ივნისი, 2016 • 1436
საკონსტიტუციო სასამართლოზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილს საიაში არ ეთანხმებიან

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ მოტივირებულ შენიშვნების ნაწილს არ ეთანხმებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. როგორც ნეტგაზეთს საიას იურისტმა, გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტმა გარკვეულ საკითხებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინა.

#1 – გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ქვორუმი და უმრავლესობა

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი არ ეთანხმება პარლამენტს იმაში, რომ გადაწყვეტილება ყველა კანონთან მიმართებაში მიღებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მას მხარს მოსამართლეთა შემადგენლობის 2/3 დაუჭერს. მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად პრეზიდენტს მხოლოდ “ისეთ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან საკითხებთან” დაკავშირებით მიაჩნია, როგორებიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, პრეზიდენტის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის სულ ცოტა 7 წევრი, “რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს.”

ამ საკითხზე საიას წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის შენიშვნა ასეთია:

“პლენუმის მაღალი კვორუმის მოდელი, როცა ცხრიდან სასამართლოს მინიმუმ 7 წევრი მონაწილეობს სხდომაში და მინიმუმ ექვსმა მოსამართლემ უნდა მისცეს ხმა  სარჩელის დაკმაყოფილებისათვის,  პრეზიდენტს მოსწონს ორგანულ კანონთან მიმართებაში. ეს არის პრობლემა. ორგანული კანონი არის, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი, შრომის კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი. წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსით მიიღო აპარტეიდული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე შავკანიანებს ჩამოართვა საარჩევნო ხმის უფლება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. პირობითად ხუთი მოსამართლე ამბობს, რომ ეს არაკონსტიტუციური კანონია, ხოლო 4 მოსამართლე აცხადებს, რომ კონსტიტუციურაო. საბოლოო ჯამში, ამ ოთხი მოსამართლის ხმა იქნება გადამწყვეტი და ასეთი აპარტეიდული შეზღუდვა ძალაში დარჩება, რადგან ორგანულ კანონთან მიმართებაში მინიმუმ 6 მოსამართლის ხმაა საჭირო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ  მაღალი კვორუმით საკონსტიტუციო სასამართლო არაეფექტური საშუალება ხდებაო. ორგანულ კანონს შეუძლია ისევე მძიმედ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, როგორც ჩვეულებრივ კანონს. ეს შენიშვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოთქვა და რასაც ჩვენც ვეთანხმებით, ორგანულ კანონთან მიმართებაშიც უნდა გაევრცელებინა პრეზიდნეტს.

#2 – ნორმის შეჩერების ინსტიტუტი

გიორგი გოცირიძის თქმით, ასევე პრობლემურია, რომ პრეზიდენტი  ნორმის შეჩერების ინსტიტუტზე  პარლამენტის მიერ მიღებული ნორმისთვის ვეტოს არ ადებს. საუბარია სისტემაზე, როდესაც სასამართლოს რომელიმე სამართლებრივი ნორმის მოქმედებას აჩერებს დროებით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ისე, როგორც ეს ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სისტემის გარეთ გატანის კანონზე მოხდა.

“საუბარია იმაზე, რომ ნორმას აჩერებს არა სასამართლოს კოლეგია, არამედ პლენუმი. ვენეციის კომისიის პოზიციით, ნორმის შეჩერების მიზანია ადამიანის უფლებების დარღვევის მყისიერი საფრთხის [პრევენცია]. ამ ფონზე კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემამ შეჩერების გადასაწყვეტად შეიძლება ეს უფლება შეუქცევადად დაარღვიოს”, – ამბობს გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმი შედგება 9 მოსამართლისაგან, ხოლო კოლეგია ოთხისაგან. სასამართლოს თავმჯდომარე კოლეგიის წევრი არ არის, ხოლო დარჩენილი 8 მოსამართლე 2 კოლეგიაში ნაწილდება.

“მაგალითად, ადამიანს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, მაგრამ კანონი [რომელიც გასჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში] უკრძალავას ამ ოპერაციის ჩატარებას. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია დარწმუნდა, რომ ნორმის შეჩერების საფუძველი არსებობს, მაგრამ თავად კოლეგია ვერ აჩერებს ამ ნორმას [უნდა გადასცეს პლენუმს]. სანამ პლენუმი შეიკრიბება და პოზიციას ჩამოიყალიბებს, შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს. ესეც იყო ვენეციის კომისიის შენიშვნა, რომ როდესაც არსებობს ადამიანის უფლების დარღვევის მყისიერი საფრთხე და ნორმა უნდა შეჩერდეს, კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემა საფრთხეს დროში წელავს. კოლეგიას უნდა ჰქონდეს შეჩერების საშუალება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნა, რომ წაიკითხოთ, ეს საკითხი საერთოდ არაა ნახსენები, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა მას ვეტო არ დაადო, ანუ ეს რეგულაცია რჩება და ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.  ჩვენ ვერაფრით ვერ მოვიწონებთ ამ ვეტოს პრეზიდნეტის მხრიდან”, – ამბობს საიას იურისტი.

#3 – ერთი მოსამართლის მიერ კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემის უფლება

გიორგი გოცირიძის თქმით, ისინი ასევე არ ეთანხმებიან იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც კოლეგიის ერთ-ერთ წევრს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია საქმის პლენუმისთვის გადაცემა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში წერია, რომ პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, კოლეგიის წევრი ხდება უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიმართოს შუამდგომლობით პლენუმს განსახილველი საკითხის გადაცემის თაობაზე.

“მას შემდეგ, რაც კოლეგიის წევრი მიმართავს პლენუმს, ამ უკანასკნელმა, იმისათვის, რომ უარი განაცხადოს საქმის განსახილველად მიღებაზე და საქმე დაუბრუნოს კოლეგიას, აუცილებელია პლენუმის ექვსმა წევრმა მხარი არ დაუჭიროს მის მიღებას. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექვსწევრიანი კვორუმი აშკარად გადაჭარბებულია (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005, პუნქტი 62.3).

ზემოაღნიშნულისა და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების კვორუმი უნდა შემცირდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის უარყოფითი განჩინება დასაბუთებას არ უნდა საჭიროებდეს (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005, პუნქტი 62.3)”, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ამ საკითხზე გიორგი გოცირიძის მოსაზრება ასეთია:

“იმ ვარიანტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, 2/3-ის უმრავლესობით უნდა მომხდარიყო მოსამართლის ამ ინიციატივის უარყოფა და საქმის კოლეგიისთვის დაბრუნება. პრეზიდენტმა თავის მოტივირებულ შენიშვნებში თქვა, რომ უბრალო უმრავლესობით მოხდეს ამგვარი მოთხოვნის უარყოფაო, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშეო. ამაზე არსებობს შენიშვნა, რომ ერთ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს საქმის გაჭიანურების მიზნით კოლეგიდან პლენუმისთვის საქმის გადაგზავნის შესაძლებლობა, მიუხედავად გამიჯნული კომპეტეცნიებისა, რაც არსებობს პლენუმსა და კოლეგიას შორის”, – აცხადებს გოცირიძე.

აქვე გთავაზობთ ვენეციის კომისიის პოზიციას კონკრეტულად ამ საკითხზე. ვენეციის კომისიის დასკვნის არაოფიციალური თარგმანი GDI-მ გაავრცელა:

“საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ დამატებული 211 (11 ) მუხლი საშუალებას აძლევს კოლეგიის ნებისმიერ წევრ მოსამართლეს მოითხოვოს საქმის პლენუმისათვის გადაცემა, იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) მისი მოსაზრება განსხვავდება სასამართლოს წინა პრაქტიკისაგან ან ბ) განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. ცვლილების თარგმანში გაურკვეველია რას შეიძლება გულისხმობდეს „ა“ ალტერნატივა. როგორც ჩანს, მოსამართლის მიერ წინა პრაქტიკისაგან განსხვავებული აზრის ქონა საკმარისია მოთხოვნისათვის. თუ ეს ასეა, საკმაოდ უცნაურია რატომ უნდა გადეცეს საქმის განხილვა პლენუმს მაშინ, როდესაც კოლეგიის ერთი წევრის მოსაზრება ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას? ამას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავს მოთხოვნას აყენებს უმრავლესობა. რაც შეეხება ალტერნატივა „ბ“-ს, ეს როგორც ჩანს უფრო ეხება კოლეგიის უმრავლესობის პოზიციას ვიდრე ინდივიდუალური მოსამართლისას.

რაც ამ ნორმაში პროტესტს იწვევს არის ის, რომ კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია მოითხოვოს საქმის გადაცემა პლენუმისათვის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე და პლენუმის წევრ 6 მოსმართლეს (9 დან) შეუძლია უარი განაცხადოს ასეთ მოთხოვნაზე მხოლოდ მოტივირებული გადაწყვეტილებით. მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მესამედის უმრავლესობის საჭიროება მიიჩნევა გადაჭარბებად. ეს ნორმა შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული მოსამართლის მიერ.

საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ არსებული 211 (1) მუხლის რედაქცია შეიცავს კოლეგიის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის გონივრულ მექანიზმს, როდესაც კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან. წარმოდგენილი ახალი 211 (11 ) მუხლი ინარჩუნებს აღნიშნულ მექანიზმს, მაგრამ აკუთვნებს იგივე კომპეტენციას ინდივიდუალურ მოსამართლეს, რაც არათანმიმდევრულია. თუკი საქმის გადაცემის მოთხოვნის უფლებამოსილება ექნება ინდივიდუალურ მოსამართლეს, აზრს კარგავს იმ ნორმის შენარჩუნება, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ანიჭებს კოლეგიის უმრავლესობას. (მუხლი211 (1)).

თუკი საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ დამატებული 211 (11 ) მუხლის მიხედვით ინდივიდუალურ მოსამართლეს შეუნარჩუნდება საქმის პლენუმისათვის გადაცემის უფლებამოსილება, პლენუმის ორი მესამედის მოტივირებული გადაწყვეტილება მოთხოვნის უარყოფის შესახებ აღარ უნდა იყოს საჭირო. იმ სისტემებში, რომლებშიც აღნიშნული მიმართვა არსებობს (მაგ. ავსტრია) არ მოქმედებს ასეთი მაღალი მოთხოვნები პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის და პლენუმს შეუძლია საკითხი გადაწყვიტოს სწრაფი და გამარტივებული წარმოებით თუ იგი თვლის რომ არ არსებობს საქმის პლენუმისათვის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვემი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებებს ელოდა, ვიდრე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

ვენეციის კომისიის აზრით, კანონიდან უნდა ამოიღონ ისეთი პუნქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას რისკის ქვეშ აყენებს.

ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უზღუდავს უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე:

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გამართავს რიგგარეშე სხდომას, სადაც გადაწყდება, დაძლევს თუ არა საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი