ახალი ამბებისამართალი

ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს კანონზე

28 მაისი, 2016 •
ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს კანონზე

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონზე, რომელიც საქართველოში  დაპირისპირების და კრიტიკის საგანი გახდა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი 14 მაისს დაჩქარებული წესით ისე დაამტკიცა, რომ  ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი არ ჰქონდათ.

კანონი ჯერ არაა ძალაში შესული, რადგანაც პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია. პრეზიდენტმა ის ვენეციის კომისიას გაუგზავნა, ისევე, როგორც პარლამენტმა მოგვიანებით.

ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

ვენეციის კომისიის აზრით კანონიდან უნდა ამოიღონ ისეთი პუნქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას რისკის ქვეშ აყენებს. კერძოდ:

➜ცვლილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს უზღუდავს შესაძლებლობას განიხილონ ახალი საქმეები სამი თვით ადრე  ვადის ამოწურვამდე. ამასთან, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების ვადის მკაცრი ლიმიტირება უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება  მხოლოდ მისი შემცვლელის მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ უნდა შეუწყდეს.

➜პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად ახალი კანონით დადგენილი ხმათა საჭირო რაოდენობა, რომელიც ექვსი მოსამართლითაა განსაზღვრული, უნდა შემცირდეს;

➜კანონიდან უნდა ამოიღონ ახალი ნორმა, რომელიც ერთ მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება დანარჩენს, აძლევს შესაძლებლობას საქმე გადასცეს პლენუმს.


მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ევროპული პერსპექტივიდან “თვითნებობაა” საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შეზღუდვის დაწესება მისი ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე.

ამჟამად მოქმედი რედაქციით:

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება გრძელდება მანამ, ვიდრე ის მონაწილეობს მიმდინარე საქმის განხილვაში. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი თავისი მანდატის განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც არსებული მოსამართლე დაასრულებს მისი მიმდინარე საქმეების განხილვას.

პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული კანონის მიხედვით, რომელიც ჯერ ძალაში არ არის:

ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება. ამასთან, თუკი მისი  ვადის ამოწურვამდე 3 თვეა დარჩენილი, არ შეიძლება დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, გარდა განმწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის და შემდეგი სახის საქმეებისა:

  • დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საკითხი;

ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება იმისათვის, რომ მან დაასრულოს მონაწილეობა მიმდინარე საქმეებში, ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობას. თუმცა, კომისიის აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი მოსამართლე არ უნდა შეუდგეს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

ვადის გაგრძელების შეზღუდვა შესაძლოა შეიზღუდოს საქმეებზე, რომელთა განხილვა დაიწყება პლენარულ სხდომაზე.

ვენეციის კომისია, მეორე მხრივ, მიუთითებს გამოცდილებაზე  ისეთ სისტემებში, რომლებიც მკაცრად არეგულირებს მოსამართლის მანდატის შეწყვეტის საკითხს და აღნიშნავს, რომ რიგ ქვეყნებში ახალი მოსამართლის არჩევა გადაიწევს ხოლმე.  ზოგჯერ დიდი ხნით.  ზოგიერთ შემთხვევაში დარჩენილი მოსამართლეები ქვორუმს აგდებენ და სასამართლო სხდომის გამართვა შეუძლებელი ხდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა პრინციპი, რომ მოსამართლემ დატოვოს სასამართლო მხოლოდ მაშინ, როცა ახალი მოსამართლე შეუდგება თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

“რა თქმა უნდა, ასეთი სისტემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონსტიტუციის დონეზე მაშინაც კი, თუ ის რთულად გამოიყურება საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციაში”, – ნათქვამია კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უზღუდავს უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე:

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ამ ცვლილების ლოგიკა ის იყო, რომ მოსამართლემ არ უნდა დატოვოს სასამართლო განსახილველი საქმეების პროცესში [ ამის უფლება წარმოდგენილი ცვლილებებით აღარ ექნებათ მოსამართლეებს].

“ევროპული პერსპექტივით სამთვიანი პერიოდის შემოტანა თვითნებობას გავს. მოსამართლემ შესაძლოა მისი მანდატის ამოწურვამდე ოთხი თვით დაიწყოს ახალი საქმის განხილვა და  ეს საქმეები შესაძლოა კვლავ მიმდინარე იყოს მანდატის დასრულებისთვის”, – აცხადებს ვენეციის კომისია.

მისი აზრით, სამთვიანი  გამორიცხვა შესაძლოა რაოდენობრივად ამცირებს ამ პრობლემას, მაგრამ ის არაა მიმართული მისი არსობრივად აღმოსაფხვრელად.

ვენეციის კომისია საქართველოს პრობლემის გადაწყვეტის ორ  შესაძლო გადაწყვეტის გზაზე მიუთითებს:

  1. ერთი მხრივ, შენარჩუნდეს ძველი სისტემა, რომ მოსამართლემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს მიმდინარე საქმეები მისი მანდატის ამოწურვის შემდეგ და ამავე დროს ახალი მოსამართლეც შეუდგეს უფლებამოსილების განხორციელებას.
  2. ან მეორე შესაძლებლობა, რომ გადადგნენ მოსამართლეები მაშინ, როცა მათი მანდატი იწურება ისე, რომ მათ აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე, დაუსრულებელი საქმეების განხილვაში.

ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ პრობლემა მომდინარეობს ამჟამინდელი ნორმიდან, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმ მოსამართლეს შეუძლია საქმეზე გადაწყვეტილების მიღება,  რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა საქმის მოსმენებში. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით ეს უკვე შეცვლილია და წერია, რომ როცა მოსამართლე დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმე ხელახლა მხოლოდ ახალი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე განიხილება.

ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაციაა, რომ  კანონიდან ამოიღონ პუნქტი, რომელიც მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე უზღუდავს უფლებამოსილებას. ამასთან, კომისია მიუთითებს საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე, რომელმაც  უნდა განსზაღვროს, რომ მოსამართლე მხოლოდ მაშინ დატოვებს სასამართლოს, როცა მისი შემცვლელი მოსამართლე მუშაობას შეუდგება.


ქვორუმი და უმრავლესობა გადაწყვეტილების მისაღებად

მოქმედი ნორმის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას 9 მოსამართლიდან ექვსი ესწრება, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით.

კანონით, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, თუმცა ჯერ პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია, პლენუმის ქვორუმის ოდენობა იზრდება 7 წევრამდე, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ორი მესამედი. 

ვენეციის კომისია განმარტავს, რომ ახალი წესით, მოსამართლეთა რაოდენობის მიხედვით – 9, 8, 7 , – პლენუმზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მოსამართლეთა  67, 75 ან 86 %-ს და მიაჩნია, რომ გაზრდილ ქვორუმთან ერთობლიობაში ეს გადაჭარბებულია და სასამართლოს ბლოკირება მოსამართლეთა მცირე რაოდენობას ადვილად შეეძლება.

კომისიის აზრით, ცვლილება უნდა დავინახოთ საბჭოსა და პლენარულ სხდომას შორის ძალაუფლების განაწილების კონტექსტში:

“ერთობლიობაში ეს ცვლილებები გაართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი ამოცანის განხორციელებას – აღმოაჩინოს და შეცვალოს არაკოსნტიტუციური ნორმები კანონებიდან”.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  გადაწყვეტილების მისაღებად ორი მესამედი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებიდან მხოლოდ მცირეშია  და ეს არაა საერთო წესი, რადგანაც  ის  შეიცავს გადაწყვეტილებების დაბლოკვის რისკს.

“განსაკუთრებით, თუკი სასამართლო მომავალში აღჭურვილი იქნება ადამიანის უფლებების საკითხებში ძირითადი კომპეტენციებით, როგორც ეს აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, გარანტირებული უნდა იყოს, რომ  სასამართლოს შეეძლოს მისი უფლებამოსილების განხორციელება”, – აღნიშნულია წინასწარ დასკვნაში. 

ვენეციის კომისია საქართველოს მკაცრ  რეკომენდაციას აძლევს, რომ კანონიდან ამოიღონ მინიმუმ 6 ხმის აუცილებლობა პლენარლ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.


 

ზემოთ მოყვანილი და სხვა კრიტიკული შენიშვნების გარდა ვენეციის კომისია პოზიტიურად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ზოგიერთ ცვლილებას:

➜კსაკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს;

➜კგანსხვავებული აზრის სისტემატიურ გამოქვეყნებას;

➜კსაქმეების ავტომატური განაწილების წესის შემოღებას

ამასთან, ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საქართველოს მომავალშიც სთავაზობს დახმარებას.


ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება

კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო, ჯერ არ არის ძალაში, რადგან პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელმოუწერელი კანონი ვენეციის კომისიას გაუგზვანა და ამ საკითხზე კონსულტაციები არასამათავრობო ორგანიზაციებთანაც ჰქონდა, რომლებმაც ასევე გამოაქვეყნეს თავიანთი კრიტიკული შენიშვნები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის დასკვნის ძირითადი ასპექტები გააცნო, თუმცა ჯეჯერობით უცნობია, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი