კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართელოს პარლამენტს, რომ არ გააჭიანუროს მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის შემადგენელი კანონპროექტების მიღება.
“მესამე ტალღის” კანონპროექტების პირველი საკომიტეტო მოსმენები 2015 წლის სექტემბერს დაიწყო. ამის შემდეგ, რამდნეიმე თვის განმავლობაში, განხილვები შეჩერდა და 2016 წლის თებერვლიდან განახლდა. თუმცა, საბოლოოდ, კანონპროექტები პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია.
კოალიციაში შემავალი არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა მიიღოს მესამე ტალღის კანონპროექტები, სამომავლო რეფორმის ფარგლებში კი ცვლილებებს დაუქვემდებაროს:
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები;
- მოსამართლეთა დანიშვნის და კარიერული წინსვლის საკითხები;
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები.
“რვა თვის განმავლობაში კანონპროექტების განხილვის გაჭიანურებამ და კანონპროექტების შინაარსის შესახებ მოლაპარაკებების დახურულ კარს მიღმა გადატანამ მნიშვნელოვნად დააზიანა კანონშემოქმედებითი პროცესი. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო პაკეტის შინაარსი და ხარისხი. კოალიციისთვის ამჯერადაც უცნობია, რა მიზეზით არ დგება კანონპროექტები მესამე მოსმენით კენჭისყრაზე.
კოალიციის შეფასებით, “მესამე ტალღის” კანონპროექტების შინაარსი საწყისი ეტაპიდან ბოლო რედაქციამდე არაერთ ნაწილში არსებითად არის გადასინჯული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში შეიცვალა ან შესუსტდა გარკვეული პოზიტიური და პროგრესული ინციატივები, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დროულად დასრულდეს რეფორმის საკანონმდებლო პროცესი და ძალაში შევიდეს ის გაუმჯობესებები მაინც, რასაც კანონპროექტები ითვალისწინებს, აღნიშნული კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისთვის.
აქვე, კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “მესამე ტალღის” კანონპროექტების საბოლოო რედაქცია არ არის დამაკმაყოფილებელი და სრულად არ პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ “მესამე ტალღის” ცვლილებების დროულად მიღება უნდა გახდეს ახალ და ფუნდამენტურ ცვლილებებზე მუშაობის დაწყების საფუძველი.
სამომავლო რეფორმის ფარგლებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ცვლილებებს დაექვემდებაროს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები; მოსამართლეთა დანიშვნის და კარიერული წინსვლის საკითხები; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. ასევე კრიტიკულად უნდა გაანალიზდეს იმ ახალი ინსტიტუტების მუშაობა, რომლებიც ბოლო წლებში დაინერგა (მაგალითად, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა) ან ახლა ინერგება სასამართლო სისტემაში (მათ შორის, ინსპექტორის ინსტიტუტი, მენეჯმენტის დეპარტამენტი და სხვა).
კოალიცია მოუწოდებს “მესამე ტალღის” კანონპროექტის ინიციატორებსა და პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, გაიაზრონ სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარება და გადადგან დროული ნაბიჯები მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით. ამ მიზნით მნიშვნელოვანია, დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული “მესამე ტალღის” ცვლილებები და შეიქმნას პლატფორმა სამომავლო რეფორმაზე მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო მეტად ღია დისკუსიისა და საფუძვლიანი განხილვებისთვის და სადაც რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა იარსებებს.
კოალიცია აქტიურად მუშაობს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხებზე და გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოადგინოს დეტალური საკანონმდებლო ინიციატივები ამ პროცესში,”- აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.