“ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზე განხორციელდება „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელთა მოხალისეებად ჩართვა პროექტის – ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში.
G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია, ბიზნესის სამყაროს უკეთ აღქმისათვის სკოლის მოსწავლეებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება შესთავაზოს და განუვითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.
G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ხორციელდება და მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ ელით სკოლის დასრულების შემდეგ.
მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში სამსახურის გარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ მოსწავლეებს გააცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და დაეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.
საქართველოს საპილოტე 39 სკოლაში, I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების მიწოდებას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი, ხოლო V-VI კლასებში აღნიშნულ გაკვეთილებს „ვისოლ ჯგუფის“ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ატარებენ.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა (G-PriEd) და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს, 13:00 საათიდან 13:45 საათამდე, ქ. თბილისში, დანკინ დონატსის ვაკის ფილიალში (მის: ჭავჭავაძის გამზ. 36ა).
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს 586 საჯარო სკოლაში.