ახალი ამბები

ტრიპოლსკი ხმალაძეს: ომამდე ტანკისტი ხომ არ იყავით? [ვიდეო]

30 მაისი, 2016 •
ტრიპოლსკი ხმალაძეს: ომამდე ტანკისტი ხომ არ იყავით? [ვიდეო]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტეტებმა “რესპუბლიკური” პარტიის ინიცირებული ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. 

კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრმა, გიგა ბუკიამ და კანონპროექტის ავტორმა, ვახტანგ ხმალაძემ ამ მოდელით გათვალისწინებული მანდატების განაწილების წესის კონსტიტუციურობა-არაკონსტიტუციურობის საკითხზე იკამათეს.

გიგა ბუკიას აზრით, ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციის 49-ე მუხლთან მოდის წინააღმდეგობაში. ამ მუხლის თანახმად,  საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

მან ასევე მიუთითა კონსტიტუციის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც. ამასთან, ამ მუხლის თანახმად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

თუმცა კონსტიტუციის 49-ე და 50-ე მუხლი არ ადგენს მანდატების დათვლის წესს. მანდატების დათვლის წესი საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლით განისაზღვრება.

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, “გერმანული მოდელით პროპორციული წესით ნაწილდება 77, ხოლო 73- მაჟორიტარულით. ეს ორივე პირობა არის შესრულებული. ცოტა ფიზიკოსიც ვიყავი, ცოტა მათემატიკოსიც და ვიცი, რას ნიშნავს პროპორციები,” – აღნიშნა ხმალაძემ, რის შემდეგაც მას რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ შემდეგი კითხვით მიმართა:

“ბატონო ვახტანგ, ტანკისტი ხომ არ იყავით ომამდე?”

მასალების გადაბეჭდვის წესი