კომენტარი

საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა — ხმალაძე

22 ნოემბერი, 2024 •
საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა — ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დასრულებამდე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა კანონდარღვევა იქნება და მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობა ვერაფრით გამართლდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის არგუმენტით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. ჯერ უცნობია, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად წარმოებაში მიიღებს თუ არა სარჩელებს. საქმის განხილვის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებია, „ქართულმა ოცნებამ“ 25 ნოემბერს დანიშნა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და თქვა, რომ ამავე სხდომაზე მოხდება პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, ახალარჩეულ პარლამენტს უფლება ჰქონდა შეკრებილიყო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მე-10 დღეს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ დანიშნავდა პირველი სხდომის თარიღს, მოესმინა ცესკოს თავმჯდომარის ანგარიში არჩევნების შედეგების თაობაზე და შეექმნა დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისიები.

„მორჩა. ამის მეტი რაიმეს გაკეთების უფლება პარლამენტს არ აქვს, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლით პირდაპირ არის აკრძალული სამანდატო კომისიის მიერ პარლამენტისთვის იმ პირის წარდგენა უფლებამოსილების ცნობისთვის, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, ხოლო პარლამენტს უფლება არ აქვს, კენჭი უყაროს ასეთი პირის უფლებამოსილების ცნობას. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ცესკოს შემაჯამებელი ოქმის კანონიერება, რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრებულია ცესკოს მიერ არჩეულად გამოცხადებული 150-ვე პირის არჩევის კანონიერება, სანამ სასამართლოში დავის განხილვა არ დასრულდება, პარლამენტს უფლება არ აქვს, რაიმე მოქმედება შეასრულოს, დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების შექმნის გარდა. ვერც თავმჯდომარეს აირჩევს, ვერც უფლებამოსილებას ცნობს. საკონსტიტუციო სასამართლოში დავა შეიძლება სხვადასხვანაირად დასრულდეს, მაგრამ უნდა დასრულდეს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ვახტანგ ხმალაძემ.

რეგლამენტის 86-ე მუხლი, რომელზეც კონსტიტუციონალისტი მიუთითებს, ამბობს:

პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

  • ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;
  • ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა „ინდივიდუალურ სარჩელს“ შეეხება და ვერ განზოგადდება.

„ბუნებაში არ არსებობს სამართლებრივი ნორმა უფლებამოსილების ცნობის შეჩერების თაობაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნორმა არის ის ნორმა, რომელიც ინდივიდუალურ ჩანაწერს შეეხება და გვარის არმითითებას თუ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი, ეს შეეხება ინდივიდუალურ სარჩელს კონკრეტული პირის მიმართ. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიღაც კანდიდატი 24 წლისაა და მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხთან დაკავშირებით ცენზის გამო შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციოში. ამის განზოგადება შეუძლებელია“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მამუკა მდინარაძე „ცდილობს დაავიწროოს ის, რაც ეხება ყველას და არ გაავრცელოს ამ შემთხვევაზე“.

„ეგრე არ არის. ასეთი ინტერპრეტაცია კანონის ნორმის არაკეთილსინდისიერი განმარტებაა“, — დასძენს ვახტანგ ხმალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი