FIFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო გუნდების ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი “ConIFA 2016”, რომელშიც 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს, სოხუმსა და გაგრაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩემპიონატი გუშინ, 28 მაისს, კონცერტითა და სხვადასხვა წარმოდგენით გაიხსნა. წლევანდელ ჩემპიონატს ასევე აქვს ოფიციალური ჰიმნი, რომლის ტექსტი ინგლისურ და აფხაზურ ენებზე დაიწერა.
სპეციალურად ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სოხუმის “დინამოს” სტადიონს.
ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედის. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ივნისში აფხაზეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. სოხუმის ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო განუცხადეს.
“ConIFA 2016”-ში მონაწილეობას ვერ იღებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ნაკრები, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონატს წილისყრის შედეგად გამოეთიშა.