სამხრეთ კავკასიის ამბები

ფოტორეპორტაჟი სოხუმის “დინამოს” სტადიონიდან, სადაც ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება

12 მაისი, 2016 • 1724
ფოტორეპორტაჟი სოხუმის “დინამოს” სტადიონიდან, სადაც ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება

2016 წლის 28 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით სოხუმსა და გაგრაში FIFA-ს არაწევრი ეროვნული საფეხბურთო გუნდების ჩემპიონატი გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას 12 ასეთი გუნდი მიიღებს.

ამჟამად აქტიური მზადება მიმდინარეობს სოხუმში “დინამოს” სტადიონზე, რომელსაც გრანდიოზული რეკონსტრუქცია ჩაუატარდა. მის აღჭურვაზე მილიარდობით რუბლი დაიხარჯა. სტადიონი დღეს უკვე ფუნქციონირებს და, მართალია, ნამდვილ ჩემპიონატს არა, თუმცა აფხაზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ელოდება.

“ჩემპიონატის წყალობით ჩვენს შესახებ გაიგებენ, დაგვინახავენ და იქნებ გაიაზრონ კიდეც, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”, -ამბობს ჩვენთან საუბარში ფეხბურთის აქტიური გულშემტკივარი, სოხუმში მცხოვრები და სტადიონის ზედამხედველი მილიციის თანამშრომელი ასტამური, რომელსაც გალისა და სოხუმის “ნარტის” მატჩზე შევხვდი. ასტამური დარწმუნებულია, რომ აფხაზი ფეხბურთელები კარგად ითამაშებენ:

“ჩვენს ბიჭებს არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს გასცდნენ და სხვა ქვეყნაში ითამაშონ, თუმცა ნიჭიერები არიან”. აქვე მან ფეხბურთელი ახრა ცვეიბა გაიხსენა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა.

“ქართველები იმ დროსაც ხელს უშლიდნენ ეთნიკურ აფხაზებს და ახლაც ყველანაირად უზღუდავენ სხვა ქვეყნებში გასვლას. რუსული პასპორტებითაც კი არ შეგვიძლია ევროპაში მოხვედრა, აი, ასეთი ძმური დამოკიდებულება აქვთ”, – ამბობს ასტამური.

ფოტოს გადაღება ასტამურმა გასაგები მიზეზების გამო არ ისურვა, როგორც ის ამბობს, სამართალდამცავ უწყებაში მუშაობა ზედმეტ საჯაროობას გამორიცხავს.

ამჟამად აქტიური რემონტი და კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს სტადიონის გარშემოც. წლების განმავლობაში აქ წყალგაყვანილობა და გზა არ გაკეთებულა. ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ სტადიონზე პასუხისმგებელი [ცენტრალური ხელისუფლება თუ სოხუმის მმართველობა] აქამდე ვერ დაადგინეს. ამასთან, სტადიონის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი სამშენებლო კომპანიის დირექტორის, ვადიმ მატუას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. მას გადასახადებიდან თავის არიდებასა და სტადიონის უხარისხო მშენებლობაში ედავებიან, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი უფრო დიდი აღმოჩნდა – სტადიონი არ ცნეს ავარიულად, როგორც ამას თავიდან აცხადებდნენ და გზების რემონტსაც შეუდგნენ.

დღეს ამ გზას არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები, საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლებიც ელოდებიან, რომელთათვისაც აბაზინის, ყოფილი ლესელიძის ქუჩის ორმოებით გადავსებულ გზაზე გადაადგილება ძალიან რთულია.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი