ახალი ამბები

ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დააზარალა

28 მაისი, 2016 • 3738
ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ  დააზარალა

28 მაისს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.

ძლიერი სეტყვა იყოს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ასევე, დუშეთის რაიონში.  დუშეთის მოსახლეობამ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მათი მოსავლის უმეტესი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა.

ძლიერი სეტყვა მოვიდა გორის მინუციპალიტეტის სოფელში. 28 მაისი, 2016 გორი, საქართველო , ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ძლიერი სეტყვა მოვიდა გორის მინუციპალიტეტის სოფელში. 28 მაისი, 2016 გორი, საქართველო , ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

მაისის დასაწყისში მოსულმა სეტყვამ ასევე დააზარალა კახეთის სხვადასხვა სოფლების მოსახლეობა და გაუნადგურა მოსავალი.

სეტყვა ყოველწლიურად აყენებს უდიდეს ზიანს საქართველოს სოფლის მეურნეობას. ქვეყნის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კი ჯერ კიდევ არ არის ეფექტური.

18 მაისს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თავდაცვის მინისტრმა სწორედ სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაათავისუფლა და  გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა.

24 მაისს  “დელტამ” განაცხადა, რომ  კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები აამოქმედეს და სეტყვის ღრუბლების დასაშლელად დაახლოებით 50 რაკეტა გაისროლეს.

როგორც “დელტას” პრესასამსახურში აცხადებენ, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და მთლიანად სისტემა გამართულად მუშაობს, მთავარი პრობლემა უკავშირდება რაკეტებს, რომელთა წარმოებაც დროს მოითხოვს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის რაკეტების სიმცირის გამო ვერ ხერხდება სისტემის სრულად ამუშავება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტური მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე დაიწყო  მუშაობა. 20-მილიონიანი პროექტის მიხედვით  სეტყვისაგან მიყენებულ ზარალი 85–95 %–ით უნდა შემცირებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი