ახალი ამბები

პარლამენტი ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრაზე მსჯელობს

27 მაისი, 2016 •
პარლამენტი ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრაზე მსჯელობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “ქართულ ოცნების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს განიხილავენ, რომლის  მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა:

“ერთსქესიანთა შორის ლტოლვა და მიზიდულობა, რა თქმა უნდა, არ არის ამ საუკუნის სენი, არც ამ საუკუნის პრობლემა. ეს მუდმივად მოდიოდა და არის კიდეც. ახლაც არავინ იფიქროს, რომ ვინმეს ვინმესადმი ლტოლვას დევნის სახელმწიფო. ეს მათი საქმეა. არის ქვეყნები, სადაც გადაღებულია კლიპები –  საბავშვო ბაღში შემოდის მასწავლებელი და ამბობს, აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს, აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს. მე არ მგონია, რომ, აი, ის ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს დ ჩვენს მომავალს,” -განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, კანონის დონეზე უნდა იყო განსაზღვრული, თუ რისგან შედგება ოჯახი:

“თუ ჩვენ დავაკვირდებით, ლიტერატურაში ეს ტენდენცია არასდროს ყოფილა იმიტომ, რომ არ გამოიწვევდა ეს თანაგრძნობას.  არ ყოფილა “რომეო და რომეო” , “ჯულიეტა და ჯულიეტა”, “იზოლდა და იზოლდა”, ხოლო დღეს თუ გადავხედვათ ევროპულ და ამერიკულ კინომატოგრაფიას, თითქმის შეუძლებელია, რომ ერთი შტრიხი მაინც არ იყოს ამდაგვარი და ეს უკვე ითვლება მოდურად და ტენდენციებიც აქეთკენ მიდის.”

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ამ საკითხის გადახედვის მოთხოვნა არ დგას საქართველოში:

“პოლიტიკური მოტივაცია მესმის, რომ არ დავუტოვოთ ეს თემა ანტიდასავლელ, მარგინალ, პრორუსულ ჯგუფებს პოპულისტობისთვის, ამიტომ  მესმის, რატომ ამბობთ, მოდი, ჩვენ ავიღოთ ეს თემა  და ჩავწეროთ  საკითხი კონსტიტუციაში. მაგრამ ვერ იღებს ეს პარლამენტი ამას[ცვლილებას]. ამიტომ ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტულ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას და ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში. მე კონსტიტუციაში ქაღალდზე არ მიმაჩნია სწორად დაწერა ქორწინების განსაზღვრის. კონკრეტულ წინასაარჩევნო თემატიკაში ამ საკითხის შემოტანა სწორად არ მიმაჩნია. ის, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის დროს იყო, დღევანდელ და მაშინდელ ვითრებას შორის სხვა ვითრებაა. მაშინ არ იყო მოძლიერებული ანტიდასავლური ფლანგი. მოგიწოდებთ, უნებურად მათ წისქვილზე ნუ დავასახამთ წყალს.”

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი, რაც ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე პარლამენტი ცვლილებას ვერ განახორციელებს. “ნაციონალური მოძრაობას” კი პოლიტიკური ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს. 

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ 113 დეპუტატი ინიციატივს მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი