ახალი ამბები

სააკაშვილისა და ივანიშვილის ძალების განსხვავებული რეიტინგები

8 დეკემბერი, 2011 •
სააკაშვილისა და ივანიშვილის ძალების განსხვავებული რეიტინგები
გუშინ და დღეს საქართველოში ორი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთი კვლევით, სააკაშვილის გუნდს 36% უჭერს მხარს და ბიძინა ივანიშვილის გუნდს – 32%, მეორეთი კი – პრეზიდენტის ძალას  42% ემხრობა, ივანიშვილისას კი – 18%.
“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ორი ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (36 პროცენტით) და ბიძინა ივანიშვილის გუნდი (32 პროცენტით)– ლიდერობს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით (რომელმაც ცოტა ხნის წინ “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი” დააფუძნა ვახტანგ ხმალაძესთან, გია ხუხაშვილთან და ზაზა შათირიშვილთან ერთად და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს), 2011 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ “ნაციონალების” რეიტინგი მერყეობდა 40 პროცენტის ფარგლებში.

“ახლა ამ რეიტინგმა დაახლოებით 4–6 პროცენტით დაიწია ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგის ხარჯზე. მიუხედავად ამისა, “ნაციონალურ მოძრაობას”, ძირითადად, შეუნარჩუნდა თავისი პოლიტიკური წონა, მისი მხარდამჭერები ძირითადად სტაბილურად პოზიტიურად არიან განწყობილნი “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, თუმცა ამ თვალსაზრისით შეიმჩნევა მცირე რყევები, როდესაც ხდება “ნაციონალური მოძრაობის” მცირე ნაწილის გადმობირება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მიერ,” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

გამოკითხვის მიხედვით, ამ ორი ძალის ფონზე დანარჩენი პარტიების რეიტინგები მინიმალურია და პარტიათა უმეტესობას გამოკითხულთა ერთ პროცენტამდეც კი არ უჭერს მხარს. მაგალითად, ივანიშვილის პოლიტიკური ძალის რეიტინგისგან განსხვავებით, “რესპუბლიკური პარტიისა” და ალასანიას “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერთა რეიტინგები ცალ–ცალკე 0,8 და 1,5 პროცენტებია.   

თუმცა “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი არსებულ დისპროპორციას არ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა მხარდამჭერები ამ ორ პარტიას (“თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები”) წაართვა.  

“ჩვენ კი არ წაგვართვა ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერები, “თავისუფალი დემოკრატებისა” და “რესპუბლიკელების” მხარდამჭერები ამჟამად არიან ივანიშვილის მხარდამჭერებიც. ივანიშვილი არის წამყვანი ოპოზიციური ფიგურა, რეიტინგის ლომის წილი მისი დამსახურებაა, იმედს ხალხი მას და მასთან ასოცირებულ პოლიტიკურ ძალებს  უკავშირებს. სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა დიდი უპირატესობით უგებს “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისში, ასევე, იმერეთში, მცხეთა–მთიანეთში და ქვეყნის მასშტაბით ეს დაახლოებით 35 პროცენტია,” – აცხადებს ბერძენიშვილი.  

კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონა (32 პროცენტიანი რეიტინგით) დგება შემდეგი წყაროების გათვალისწინებით:

“პირველი, ეს გახლავთ ის ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენამდე თავის პოლიტიკურ სიმპათიას არ უკავშირებდა რომელიმე კონკრენტულ ოპოზიციურ ძალას, იყო არსებითად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რომელიც არ ახდენდა თავისი განწყობის ინსტიტუციონალიზაციას ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. როგორც ჩანს, ივანიშვილის გამოჩენით მოხდა ამ ხალხის შემობრუნება პოლიტიკური პროცესებისკენ. მეორე –გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა წარმატებით ართმევს ხმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და მესამე – არის ის, რაც უკვე მოგახსენეთ, იწყება, უფრო სწორად, დაწყებულია პროცესი, თუმცა ჯერ სუსტადაა გამოხატული, როდესაც ხდება “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა შორის მცირე ნაწილის მოხიბვლა ბიძინა ივანიშვილის ფიგურის გამოჩენით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.”

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გამოკითხვაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამდენი პარტიის არსებობის პირობებში პოლიტიკური პროცესის ლიდერად ყალიბდება ადამიანი, რომელსაც ჯერ არც პარტია გააჩნია, არც ამ პარტიის პროგრამა და არც რაიმე არასამთავრობო ოგანიზაციას უდგას სათავეში.

“საკვირველი ხალხი ვართ ქართველები. ჩვენი განსაკუთრებულობა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, როცა  ჩვენ წინსწრებით და საკმაოდ მაღალი დამაჯერებლობით ვაკეთებთ დასკვნებს, რომლისგანაც თავს შეიკავებდა, მე მგონი, ყველა სხვა ერი. ბიძინა ივანიშვილის პოპულარობის ლომის წილი თავად ხელისუფლების დამსახურებაა და ამიტომ არ არის საკვირველი, რომ არავინ ელოდება ლეეგიტიმიზაციას, ივანიშვილის პარტიის რეგისტრაციის კუთხით, ან თუნდაც მოქალაქეობის აღდგენის თვალსაზრისით.  ფასდება რეალობა და არა რაიმე თეორიული სურათის ჩამოყალიბების მცდელობა. თუ ეს პოლიტიკური ვითარება მოხვდება კანონიერ ფარგლებში და იქნება ასეთი ორი პოლიტიკური ძალა, ეს იქნება მხოლოდ სიკეთის მომტანი, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის, რომელიც არ არსებობს,” – აღნიშნავს ცისკარიშვილი.

გამოკითხვაში, ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნები ესახება. რევოლუციის გზით არჩევნებამდე არსებული ხელისუფლების შეცვლა მისაღებია მხოლოდ 3,2%-ისთვის. ხოლო კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 16,5 პროცენტი ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”–ს ასახელებს. ამ მონაცემით ის უსწრებს “ნაციონალურ მოძრაობას” (13%).

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარის გია ხუხაშვილის შეფასებით, გამოკითხვაში ამ ორი კითხვის შედეგი ნათლად მიანიშნებს, რომ საზოგადოება ძველი მეთოდებით აღარ იხელმძღვანელებს.

“არსებულ რეიტინგში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლასა და ნინო ბურჯანაძის პარტიისადმი გამოკითხულთა ანტიპათია მიანიშნებს, რომ 26 მაისის მოვლენები იყო გადამწყვეტი ამ პოზიციის გამოკვეთის საკითხში. მართალია, ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი 26 მაისის მოვლენებზე, მაგრამ ბურჯანაძეც ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმ განვითარებული მოვლენების გამო და მე ვფიქრობ, რომ ეს დღე გახდა წყალგამყოფი იმისა, რომ ბურჯანაძე დღეს აშკარად გამოხატული ნეგატივია ქართულ პოლიტიკაში,” – აღნიშნა ხუხაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ნაკლებად სანდოდ მიიჩნევს “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” კვლევებს:     

“მე ამ კონკრეტულ კვლევაზე არაფერი ვიცი. თუმცა, თუ არ ვცდები, როგორც გავიგე, ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით იყო ჩატარებული. ეს ფაქტიც რაღაც ინტერესთა კონფლიქტს აჩენს, თუმცა არ მინდა გარკვეული შეფასებების გაკეთება.

მე არ მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შემცირებულიყო. IRI–ის კვლევებმა ეს არ აჩვენა. ერთადერთი აჩვენა ის, რომ იქმნებოდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის კონსოლიდაცია ივანიშვილის ირგვლივ, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების საზიანოდ. ანუ ამ მოქმედებით მმართველ პარტიას კი არ მოაკლდა მხარდამჭერები, არამედ თვითონ ოპოზიციაში ხდება სერიოზული გადაჯგუფებები.”

ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა გუშინ გამოაქვეყნა IRI–ის ბოლო კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” 42% უჭერს მხარს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდს – 18% , ხო­ლო “ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას” – 8 პრო­ცენ­ტი; ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დერ­თა შო­რის, 22% მხარს უჭერს გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლს – 21%, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს – 4% ,  ირაკ­ლი ალა­სა­ნიას – 3%.
IRI–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე აღნიშნული კვლევის შედეგები ორ კვირაში გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი