ახალი ამბები

ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის საკითხზე გალში იმსჯელებენ

26 მაისი, 2016 •
ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის საკითხზე გალში იმსჯელებენ

შერიგების მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რომელიც ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას დაკრძალვას ესწრება, ჯერ უცნობია, მოითხოვს თუ არა თბილისი მის მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემას:

“ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, რომელიც პროცედურებთანაა დაკავშირებული, ვისგან უნდა მოვითხოვოთ. ეს ის საკითხია, რომელიც გალში IPRM-ის ხვალინდელ შეხვედრაზე იქნება განხილული,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, გიგა ოთხოზორია თავისუფალი გადაადგილების დროს თავის სამშობლოში ოკუპაციას შეეწირა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ. დღეს 26 მაისია. როგორც წესი, ამ დღეს მთელი საქართველო მადლიერებით იხსენებს იმ გმირებს, ვინც მოიპოვა ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ ვდგავართ საშინელი ფაქტის წინაშე, რომ ეს მსხვერპლი კიდევ გრძელდება. გიგა ოთხოზორია შეეწირა თავის სამშობლოში თავისუფალი გადაადგილების დროს ოკუპაციას. ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და გიგა ოთხოზორია არის ერთ-ერთი მტკივნეული მაგალითი. დღეს მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს და მთელ საქართველოს. არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ დღეს საქართველიში ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაღუპულიყო, რომ თავის სამშობლოში გადაადგილდება, ამიტომ ძალიან მკაცრია ჩვენი რეაქცია და მოვითხოვთ მკაფიოდ და ცალსახად პასუხისმგებლობას, ვინც ვითომდა აკონტროლებს რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთს, რომელმაც მიითვისა იქ ძალაუფლება, მიითვისა ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობა და, სამწუხაროდ, სწორედ ამ განუკითხაობის რეჟიმს შეეწირა გიგა,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

 

ბრალდებული გადმოცემის საკითხზე რა პოზიცია ექნება საქართველოს ხვალ გადაწყდება.

 

 

დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში გიგა ოთხოზორიას პანაშვიდი, 26.05.2016. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი