ახალი ამბები

პრემიერი: ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ რუსეთს უნდა დაეკისროს

25 მაისი, 2016 •
პრემიერი: ოთხოზორიას მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ რუსეთს უნდა დაეკისროს

“30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამ აქტისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას – რუსეთს უნდა დაეკისროს,” – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.

„დღეს მოვინახულე მსხვერპლის ოჯახი და დედა. ამ ადამიანებისთვის რამის თქმა რთულია, რადგან ისინი არსებულ სიტუაციის ემსხვერპლნენ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთის ფედერაციის აქტივობის შედეგია. ამდენად, ჩვენ ველოდებით შესაბამის რეაგირებას, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან. სამწუხაროდ, ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ ქმედებაში მონაწილე პირები მიზნად ისახავენ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩაშლას. თუმცა პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისას თანმიმდევრული იქნება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გამოსავალია.

„ამ კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აქტივობა, რადგან ნდობის აღდგენის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის; საზღვრის გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მათი გორის რეგიონში ქართველი გლეხების კუთვნილ ბაღებში გავლება. ეს მოვლენები შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ ამ ქმედებებზე ეფექტური პასუხის გაცემა არ შეგვიძლია – ჩვენი პარტნიორების დახმარებით მშვიდობიან, ძალის გამოუყენებლობის პოლიტიკას ვატარებთ. გასული ათწლეულების მანძილზე გაუარესებული ურთიერთობების დათბობა მხოლოდ თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკითაა შესაძლებელი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა ფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

გიგა ოთხოზორიას 26 მაისს, ზუგდიდში დაკრძალავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი