ახალი ამბები

26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრებს გაიხსენებენ

25 მაისი, 2016 • 3509
26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრებს გაიხსენებენ

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების მომორიალური ალბომის გამოცემას ივნისში გეგმავს.

მემორიალური ალბომის გამოცემა 26 მაისისთვის ვერ ესწრება, თუმცა  ალბომის გამოცემამდე, 26 მაისს, პირველი რესპუბლიკის მოყვარულები 17:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან, რომელშიც 1918 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, შეიკრიბებიან.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 17:10 საათზე სიმბოლურად წაიკითხავენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და თუ ამინდიც შესაბამისი იქნება, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების პორტრეტებითა და ხელმოწერებით ლენტს გაშლიან. 

“პორტრეტებთან ერთად, ყველა დეპუტატის ხელმოწერით, რომლებიც დატოვეს დამოუკიდებლობის აქტზე ან კონსტიტუციაზე, ლენტს გავშლით. იმედი გვაქვს, რომ ხალხისთვის, ვინც ამ დროს რუსთავლზე სეირნობს და აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, საინტერესო იქნება, რომ წაიკითხოს და გადაავლოს თვალი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების ხელმოწერებს”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ხვადაგიანის თქმით, შარშან, 2015 წლიდან დაიწყეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, პირველი რესპუბლიკის ბაღთან იკრიბებიან. მას სურს, რომ პირველი რესპუბლიკის ბაღში ან სასახლის ბაზისზე დაიხატოს მათი ხელმოწერები, როგორც სიმბოლური სახსოვარი.

“თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შტრიხკოდი გაკეთდეს რომლითაც შესაძლებელი იქნება ადგილზევე ბიოგრაფია წაიკითხონ, ფოტო ნახონ”, – ამბობს ხვადაგიანი.

Jumpstart Georgia-მ შექმნა ვიზუალიზაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო პარტიული შემადგენლობა დამფუძნებელ კრებაში, ასევე, როგორი იყო დეპუტატების ეთნიკური კუთვნილება, ან რომელი რეგიონებიდან იყვნენ და რომელ რეგიონებს წარმოადგენდნენ კრებაში [ინფოგრაფიკა შეგიძლია იხილოთ სტატიის ბოლოს].

ინფოგრაფიკა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეეხოთ საბჭოთა რეპრესიები დამფუძნებელი კრების დეპუტატებს.

ხვადაგიანი ამბობს, რომ კვლევა კვლავაც გრძელდება, რადგან ბიოგრაფიების ნაწილი სრულყოფილი არაა და ნელ-ნელა ივსება. მაგალითად, დეპუტატ პავლე წულაიას შესახებ ინფორმაცია ბოლო პერიოდში ასევე შეავსეს. მის შთამომავლებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ იგი 1937 წელს დააპატიმრეს, ციმბირში, საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. წულაია 1943 წელს გარდაიცვალა.

მკვლევრის თქმით, ალბომის გამოსაცემად საჭირო თანხა ექვსმა ორგანიზაციამ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა და 40-ზე მეტმა მოქალაქემ გაიღო.

ამავე თემაზე: საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში

მემორიალურ ალბომზე მუშაობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 4 წლის წინ დაიწყო. ალბომში შევა ბიოგრაფიული ცნობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 145 დეპუტატის შესახებ.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის თქმით,  წიგნის გამოცემა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი მემორიალური გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია ცნობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების შესახებ.

დამფუძნებელი კრება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო იყო, რომლის მიზანიც პარლამენტის მოწვევამდე კონსტიტუციისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის შემუშავება იყო.

დამფუძნებელი კრება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა. დამფუძნებელი კრება 1919 წელს ჩატარებული საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდა.

გაიცანი პირველი დეპუტატები: დამფუძნებელთა კრება
feradi.info

გაიცანი პირველი დეპუტატები: მხარეები და ეროვნება
feradi.info

გაიცანი პირველი დეპუტატები: განათლება და პროფესია
feradi.info

გაიცანი პირველი დეპუტატები: რეპრესიები და გარდაცვალება
feradi.info

მასალების გადაბეჭდვის წესი