“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) შეფასებით, გასულ წელთან შედარებით, 2018 წელს ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მკვეთრად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. ამის ერთ-ერთ მაგალითად GDI-ის მოჰყავს “აიისას” საქმე. გამოხატვის უფლების შეზღუდვის ძირითად მიზეზად ორგანიზაცია სასამართლოსა და პროკურატურის მხრიდან კანონების არაკონსტიტუციურ განმარტებას ასახელებს.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვად GDI ასახელებს აქციაზე კარვების გაშლაზე შეზღუდვის დაწესებას. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” შეფასებით, პოლიცია კანონმდებლობის სრული დარღვევით მოქმედებდა, რითაც უხეშად ერეოდა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის კონსტიტუციურ უფლებაში.
ანგარიშში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც მოხვდა. GDI-ის ცნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები (განსაკუთრებით მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი) მნიშნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვის, ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები.
“2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდმა მომეტებული აგრესიული კამპანიის, საზოგადოების პოლარიზებისა და დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებმა (განსაკუთრებით ქსენოფობიურმა გამონათქვამებმა) სისტემური ხასიათი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი აგრესიული კამპანია შეეხო არამხოლოდ საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, არამედ ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებზეც იერიში საკუთრივ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა მიიტანეს,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
GDI-ის შეფასებით, შემაშფოთებელია პროკურატურის მოთხოვნა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წყაროს ვინაობა უნდა გაემხილათ.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” შერჩევითი სამართლისა და ელიტური კორუფციის არსებობად განიხილავს “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შერჩევით სამართლის არსებობაზე მიუთითებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისთვის 2018 წლის აგვისტოში სტუდენტების მიღების აკრძალვა.
GDI-ის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში პრობლემური იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის შემთხვევები. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაში” აცხადებენ, რომ ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის შტაბზე მომხდარი თავდასხმის დაგმობის ნაცვლად “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ემზელ მკოიანს.
“იმის ფონზე, რომ ამ თავდასხმებში მონაწილე არცერთ პირს (ჯერჯერობით) არ უგია ადეკვატური პასუხი განხორციელებული ქმედებებისთვის, ხოლო პოლიტიკური ხელისუფლება, ნაცვლად ამგვარი ძალადობის დაგმობისა, ამართლებს მას და მეტიც, საარჩევნო კამპანიას სწორედ მასზე აფუძნებს, საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლობის მზარდი გამოვლენა (მათ შორის აგრესიული გზებით) არ უნდა იყოს მოულოდნელი,” – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.