ახალი ამბებისამართალი

GDI მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართავს

10 ივლისი, 2018 • 2622
GDI მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა (GDI) მთავარი პროკურორის უფლებამოსილების – სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული – შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიების ქვემდებარეობის წესის თანახმად, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების ჩატარების უფლება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, გამოძიების ქვემდებარეობის დადგენილი წესის მიუხედავად, საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან მეორეს გადასცეს:

“შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს.”

GDI გიორგი ცერცვაძის ინტერესებს იცავს პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით“. პროექტი ხორციელდება  „ღია საზოგადოების” ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი