ახალი ამბები

მარეგულირებელი კიწმარიშვილის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს

2 დეკემბერი, 2011 • 1218
მარეგულირებელი კიწმარიშვილის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს
ეროსი კიწმარიშვილმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წერილობითი ფორმით მიმართა, რათა კომისიას უზურნველეყო საკაბელო ოპერატორების გაფრთხილება, რომ მათ გაეწყვიტათ ”მაესტროს” სიგნალის გადაცემა.
მარეგულირებელ კომისიას ვაცნობე, რომ “მაესტროს” მაუწყებლობის ერთადერთი ლეგალური ადგილი “მაესტროს” შენობაა და აქედან უნდა გადიოდეს ლეგალური სიგნალი. ყველაფერი, რაც აქ არსებობს, ლეგალურად მეკუთვნის მე 2012 წლის 30 ნოემბერამდე, მათ შორის მაუწყებლობის უფლება, კონტრაქტი და თუ ჩემი თანამშრომელი ამ კამერით წავა სხვაგან და დაამონტაჟებს მასალას, ეს უკანონო და არალიცენზირებული მაუწყებლობა იქნება”, – განაცხადა კიწმარიშვილმა.
“კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საჩივარს არ განიხილავს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ კიწმარიშვილი უკანონობას ითხოვს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით კომისია უფლებამოსილი არ არის, მოთხოვოს ნებისმიერ საკაბელო ოპერატორს, ნებისმიერი მაუწყებლობის  გათიშვის ან არგათიშვის თაობაზე”, – აცხადებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი – ” კომისია განმარტავს, რომ არასოდეს ჩარეულა და არც ჩაერევა მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში,  საკაბელო ოპერატორები მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მათ საკაბელო ქსელში ჩასართავ არხებს. ”

ამას გარდა, ყურაშვილის თქმით,  კიწმარიშვილი უფლებამოსილი არ არის, ეს მოთხოვნა წამოაყენოს, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყობრივი რეესტრის მონაცემებით სტუდია ”მაესტროს” ბე 87 ლიცენზიის მფლობელი არის თვითონ შპს “სტუდია მაესტრო”, რომლის გენერალური დირექტორი არის ილია კიკაბიძე და, შესაბამისად, კიკაბიძეა უფლებამოსილი მაუწყებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეისწავლა სიხშირეები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ”სტუდია მაესტროს” გადამცემი ხაზები აქვს აღებული მოძრავი სადგურიდან სტუდიამდე. სტუდიის მისამართი არ არის დაკონკრეტებული, შესაბამისად, საიდანაც უნდა, იქიდან შეუძლია იმაუწყებლოს. ”

მასალების გადაბეჭდვის წესი