ახალი ამბები

აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალი: ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნებისმიერ ადგილას სამსახური მეამაყება

24 მაისი, 2016 • 1673
აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალი: ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნებისმიერ ადგილას სამსახური მეამაყება

“მათი შესაძლებლობები, რომლებიც მე ნანახი მაქვს ბრძოლაში (ავღანეთში) და რაც ვნახეთ დღესაც, ჩინებულია. ნატოში გაწევრიანების საკითხი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია, მაგრამ მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნებისმიერ ადგილას სამსახური მეამაყება”, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალიმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა ნეტგაზეთის შეკითხვას: სამხედრო თვალსაზრისით არის თუ არა საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად.

ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა დღეს, 24 მაისს, ვაზიანში ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც შეაფასა:

“ვაფასებ იმას, რომ მიუხედავად ცუდი ამინდისა, აქ მობრძანდით სწავლებაში მონაწილე ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების სანახავად. სწავლება ხელს უწყობს მონაწილეებს შორის ნდობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთოებისთვის. საქართველო ავღანეთის მისიაში გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას”, – თქვა ჰოჯესმა.

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი „ABRAMS“, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „M2 BRADLEY“, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП 2 მონაწილეობდა. სცენარის მიხედვით, პირობით მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. მოწინააღმდეგეზე იერიში ქართულმა ავიაციამაც მიიტანა. ამ სანახაობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი