ეროსი კიწმარიშილი დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა “მაესტროს” დამფუძნებლებთან მოლაპარაკების დაწყების მთავარ პირობად მამუკა ღლონტის მიერ ტელეარხის ბლოკირებული ნაწილის დატოვებას მიიჩნევს. უკვე ერთი დღე-ღამეა, ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელსა და მმართველსს ტელეარხის შენობის სხვადასხვა ნაწილი აქვთ დაკავებული.
კრიზისის პირველმა ღამემ ტელეკომპანია მაესტროში მშვიდად ჩაიარა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ტელეკომპანიაში გამაგრებულმა ეროსი კიწმარიშვილმა და “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, თამარ რუხაძემ განუცხადეს.
თამარ რუხაძემ გასული დღე-ღამე ახალი ამბების ოთახში, ტელეკომპანიის სამსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაატარა. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, არსებული სიტუაციის კვალობაზე ღამემ მშვიდად ჩაიარა. რუხაძის თქმით, ახლა ტელეკომპანიის ახალი ამბების განყოფილებაში რამდენიმე ოპერატორი, ჟურნალისტი, პროდიუსერი და მემონტაჟე იმყოფება და ისინი დილის საინფორმაციო გამოშვებისთვის ემზადებიან. ტელეკომპანიის სხვა ჟურნალისტები, რომლებიც “მაესტროს” ოფისის ეზოში იმყოფებიან, გადაღებულ ვიდეომასალას შენობის შიგნით მყოფ თანამშრომლებს კვლავ ფანჯრიდან აწვდიან. ტელეკომპანიის სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე იმყოფება “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.
რაც შეეხება “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელს, ეროსი კიწმარიშვილს, მამუკა ღლონტისა და თამარ რუხაძის მსგავსად, გასული ღამე ტელეკომპანიის შენობაში გაატარა, ოღონდ– პირველ სართულზე. გასულ ღამეს ისიც “მშვიდად” აფასებს.
როგორც ეროსი კიწმარიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ის მზად არის ტელეკომპანიის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად, საზოგადოებრივი შუამავლის მეშვეობით, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს მამუკა ღლონტთან.
“მიუხედავად მამუკა ღლონტის აპოკალიფტიკური განცხადებებისა, არაფერი აპოკალიფტური არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ “მაესტროს” ერთ-ერთი გათავისუფლებული მენეჯერის, მამუკა ღლონტის მიერ გრძელდება ტელეკომპანიის ნორმალური მუშაობის ხელშეშლა. მას ჯერ კიდევ ბლოკირებული აქვს საეთერო-სამაუწყებლო სეგმენტი. შეჭრილია იქ უკანონოდ. ჩვენ მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დატოვოს ტელეკომპანია და მისცეს ჟურნალისტებს ნორმალური მუშაობის საშუალება,” – უთხრა ეროსი კიწმარიშვილმა ნეტგაზეთს.
კიწმარიშვილი ასევე აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს და ბოლომდე შეასრულებს იმ ფუნქციებსა და ვალდებულებებს, რაც “მაესტროს” წინაშე აქვს აღებული.
“მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაესტროს დამფუძნებლებს, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავძლიოთ ეს კრიზისი. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა ლეგალური საშუალება, რათა აღდგეს “მაესტროს” ნორმალურ რეჟიმში მუშაობა”, – ამბობს “მაესტროს” მმართველი კოპანიის დამფუძნებელი. ეროსი კიწმარიშვილს “მაესტროს” დამფუძნებლებთან მოლაპარაკების დაწყების მთავარ პირობად მამუკა ღლონტის მიერ ტელეარხის ბლოკირებული ნაწილის დატოვებას მიიჩნევს.
დღეს დილით მამუკა ღლონტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა “მაესტროს” დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ ტელეკომპანიას საკუთარი ნებით არ დატოვებს. მან გვიან ღამით მხარდამჭერებს ტელეკომპანიის ოფისთან მისვლისა და “მაესტროს” დაცვისკენ მოუწოდა.
მამუკა ღლონტის მოწოდების შემდეგ ტელეკოპანიასთან ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც “მაესტროს” სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ტელეარხის ოფისთან რამდენიმე საათის მანძილზე იმყოფებოდნენ.