ახალი ამბები

მიროტაძე კორცხელის ინციდენტზე: ცემა-ტყეპაზე უარი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს უთქვამს

23 მაისი, 2016 •
მიროტაძე კორცხელის ინციდენტზე: ცემა-ტყეპაზე უარი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს უთქვამს

“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც”  ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისთვის მზად იყვნენ:

“ცემა-ტყეპაზე მაინცდამაინც უარი არც ერთ მათგანს უთქვამს, რაც ძალიან ცუდია. ამ ადამიანებს შევახსენებ, რომ არჩევნების პერიოდში ბოლნისში ვინც ქვებს ისროდა, ის დამარცხდა. ასევე, 2012 წეკს კარალეთში ვინც ქვებს ისროდა, ისიც დამარცხდა. მე მათ მოვუწოდებ, უარი თქვან ჩამორჩენილობის დამადასტურებელ მეთოდებზე და იმაზე გადავიდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს,” – აღნიშნა მიროტაძემ.

მიროტაძეს კითხვები აქვს შს სამინისტროსთან:

“იყო თუ არა მზად სამინისტრო, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო? თუ არ იყო, რატომ არ იყო. ხოლო, თუ იყო და ვერ მოხდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაშინ დადგა თუ არა მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი? სამინისტროსგან ველოდები განცხადებას ამის თაობაზე. ასევე, ველოდები ადეკვატურ რეაგირებას იმ ფაქტებზე, რომელიც გაავრცელა როგორც ერთმა [ნაციონალური მოძრაობა], ისე მეორე [ქართული ოცნება] მხარემ. ცხადია, ველოდები დამნაშავეების დასჯას.”

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა 22 მაისს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა:

“ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას, წააგებს თავს. ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, არ არის რჩევა და გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება. მე მჯერა, რომ ამ დარბაზში, პარლამენტში და მთლიანად საქართველოში მეტი ვართ ანტიზონდერები, ვიდრე ზონდერები და კონტრზონდერები. მე ზონდერებსა და კონტრზონდერებს შორის განსხვავებას ვერ გავაკეთებ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

გუშინ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ზონდერები, რომლებსაც უშუალოდ კურირებს ვიცეპრემიერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, მისი ცოლის ძმის გიორგი არეშიძის არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ. გაბაშვილმა დაასახელა კონკრეტული პირი – გეგა გეგეშიძე, რომელიც მისი თქმით, იყო ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი და რომელიც დღესდღეობით “წვრთნის” სპორტსმენებს ე.წ. ზონდერჯგუფისთვის.

თავად კალაძემ გუშინ პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა ნაციონალური მოძრაობა, დღეს კი განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. მან დაადასტურა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები იყვნენ “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი