ახალი ამბები

ეროსი კიწმარიშვილი: დაპირისპირების მიზეზი ფულია

30 ნოემბერი, 2011 • 1239
ეროსი კიწმარიშვილი: დაპირისპირების მიზეზი ფულია

“ჩვენი დაპირისპირების მიზეზი ფულია, თუმცა კონკრეტულად უკავშირდება თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს, მე სახელების და გვარების დასახელებას არ დავიწყებ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” შენობის ეზოში.

მისი თქმით, მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული “მაესტროს” დამფუძნებლებთან და, შესაბამისად, კანონიერი უფლება აქვს, “მაესტროს” ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, რადგან სწორედ ის არის მფლობელი და განმკარგველი იმ რესურსისა,  რომელიც მაესტროს გააჩნია.

“ჩვენ მოვიზიდეთ სახსრები ტელევიზიისთვის, რაც არ იყო გამოყენებული მიზნობრივად. ამ მომენტში დამფუძნებლების სახელით გარკვეული პირები უკანონოდ ახორციელებენ მოქმედებას, მოზიდული სახსრები გამოიყენეს საკუთარი ინტერესებისთვის. ტელევიზია გააგრძელებს მუშაობას და მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაცია. ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება მქონდა. ბლოკირება მოახდინეს შემოსასველი კარის და ამიტომ გადმოვძვერი. ჩვენი დაპირისპირების მიზეზი, ცხადია, ფულია, კონკრეტულად უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, მე სახელის და გვარების დასახელებას არ დავიწყებ. მე  აქედან გავალ 2012 წლის პირველ დეკემბერს. ისინი ცდილობენ, ჩემი კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი იპოვნონ და ვერანაირი პოლიტიკური ისტერია ვერ შემაცვლევინებს ჩემს გადაწყვეტილებას. სადავო მაქვს მინიმუმ 1 000 000 დოლარი, რომელიც გაურკვეველია, სად დაიხარჯა და ეს საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს”, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, ახლა “მაესტრო” უკანონო მაუწყებლობას ახორციელებს.

“მოვუწოდებ, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს მუშაობა”.

ეროსი კიწმარიშვილი ამჟამად ტელეკომპანია “მაესტროს” შენობის ეზოში იმყოფება, სადაც ჟურნალისტები ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ განცხადების ჩასწერად შეიყვანეს, შემდეგ კი ისევ დაატოვებინეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი