ახალი ამბები

“მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს

30 ნოემბერი, 2011 • 1386
“მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს
ტელეკომპანია “მაესტრო” საგანგებო რეჟჲმში მუშაობს მას შემდეგ, რაც მაუწყებლობა აღდგა. საინფორმაციო სამსახურის რამდენიმე თანაშრომელი სტუდიაშია  ჩაკეტილი.

სტუდიაში იმყოფება თამარ რუხაძე, “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელი, რომელმაც “ნეტგაზეთს” ამ წუთისთვის ტელევიზიაში არსებული ვითარება აღუწერა:

“სტუდიაში და საეთეროში შემოსასვლელი კარი არის დაკეტილი. დაკეტილი არის იმიტომ, რომ გარეთ ისევ არიან უცნობი ადამიანები და ნებისმიერი თანამშრომლისთვის რომ გაიღოს ეს კარი, გაიღება ყველასთვის. ამიტომ ეს კარი შიგნიდან არის დაკეტილი და ეროსი კიწმარიშვილი აქ ვერავის ვერ შემოუშვებს, რადგან ისიც გარეთ არის”.

თამარ რუხაძე ამბობს, რომ მაშინ შეძლო შენობაში შეღწევა, როცა ჟურნალისტების ჯგუფი შევიდა და კიწმარიშვილს განცხადება უნდა გაეკეთებინა. თუმცა ამბობს, რომ არ უნახავს და არ უსაუბრია ეროსი კიწმარიშვილთან. მისი ინფორმაციით, სტუდიაში იმყოფება მამუკა ღლონტიც.

“მაესტროს” შენობის გარეთ, ნუცუბიძის ქუჩაზე, ამჟამად 50– მდე ადამიანია შეკრებილი – ჟურნალისტები, პოლიციელები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები”.  შენობის ეზოში კი იმყოფებიან: ეროსი კიწმარიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად და რამდენიმე ჟურნალისტი.

არეულობა ტელეკომპანია “მაესტროში” დილით დაიწყო და პირდაპირი ეთერი შეწყდა, რადგან ტელეკომპანიის შენობის ღობეზე გადაძვრა ეროსი კიწმარიშვილი, “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი და ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მას თან უცნობი პირები, სავარაიდოდ, დაცვა ახლდა. ამის შემდეგ შენობაში არ შეუშვეს “მაესტროს” თანამშრომლები და ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი. ღლონტმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავები ამ დრომდე არიან მობილიზებული “მაესტროს” შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი