ამერიკის შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში. შესაბამის განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს:
“შეერთებული შტატები გმობს შეუიარაღებელი მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრას სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე, ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, მყისვე დაიწყონ საფუძვლიანი და დროული გამოძიება, რათა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები წარდგნენ სამართლის წინაშე. ეს ინციდენტი წარმოაჩენს საჭიროებას, სასწრაფოდ განახლდეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მიღებულ იქნას საერთაშორისო უსაფრთხოების ზომები.
შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- აღნისნულია განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ამასთან, 20 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პიროვნების ვინაობა გამოძიებისათვის უკვე ცნობილია.