IPRM-ის ფარგლებში გალში ჩატარებული დაახლოებით 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ ქართულმა მხარემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
“მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო პროკურატურა. ინფორმაცია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ არ დაგვიდასტურეს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, ბერაია ამბობს:
“გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი იმიტომ, რომ ენგურის ხიდს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი. არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი საოკუპაციო ძალის მიერ ხორციელდება და ჩვენი მთავარი მიზანი ამ მიმართულებით უცვლელი იქნება, ჩვენი პოზიცია პრინციპული. ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება. ამასთან, ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ საკითხს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე”.
სუს-ის წარმომადგენლის განმარტებითვე, აფხაზურმა მხარემ შეხვედრის დროს არც ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“გვითხრეს, რომ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ აქვთ, ვინაიდან ისინი არ არიან სამხედრო პროკურატურის წევრები”.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გაკეთდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებაშიც.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ აფხაზურ მხარეს 19 მაისის ინციდენტის ვიდეოჩანაწერი და გამოძიების მასალები გადასცა.
აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, “საერთო ჯამში, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მუშაობის შესახებ. შემდეგი შეხვედრა გალში 2016 წლის 6 ივლისს შედგება”.