ახალი ამბები

პრემიერი: ხურჩაში მკვლელობაზე უმოქმედობა ჟენევის და IPRM-ს ფორმატების გაგრძელებას ართულებს

6 ივნისი, 2016 • 1346
პრემიერი: ხურჩაში მკვლელობაზე უმოქმედობა ჟენევის და IPRM-ს ფორმატების გაგრძელებას ართულებს

დღეს, 6 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოითხოვს, რომ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი სასწრაფოდ დააკავონ.

პრემიერი აცხადებს, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ხურჩაში მვლელობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც მიაღწიეს ნდობის აღდგენის მიმართულებით და ასეთ პირობებში რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება და მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს მანამ, ვიდრე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით უმოქმედობას იჩენენ.

პრემიერის ცნობით, გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ შედეგი არ დადგა.

“მოცემულ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით. ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება – ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენ მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში”, – წერია პრემიერის განცხადებაში.

საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ დააპატიმრონ, მიიჩნევს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი