ახალი ამბები

შოთაძე: ალასანიასთან, ღარიბაშვილთან და ხადურთან გამოძიებას კითხვები არ ჰქონდა

21 მაისი, 2016 • 1130
შოთაძე: ალასანიასთან, ღარიბაშვილთან და ხადურთან გამოძიებას კითხვები არ ჰქონდა

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის გამოძიების პროცესში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას, ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის დაკითხვის საჭიროება არ გაჩენილა, რადგან გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტაცია უკვე მოიცავდა გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციას:

“ეჭვი და ვარაუდი თითოეულ ადამიანს შეიძლება ბევრი გვქონდეს. აქ მნიშვნელოვანი არის მტკიცებულებები. დაკითხვა არის ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოძიება დაკითხავს იმ პირებს, ვისგანაც სურს გარკვეული ინფორმაციის მიღება. ამ საქმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს ამოღებული შესაბამისი შესყიდვის განხორციელების დოკუმენტაცია სრულად და მასში მთლიანად არის ასახული თითოეული ეტაპი იმ შესყიდვისა, რაზეც ჩვენ ვედავებით კონკრეტულ მსჯავრდებლებს. შესაბამისად, იმ პიროვნებების დაკითხვა, რომლებზეც თქვენ მესაუბრებით, ამის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა, არ დგას, რადგან ის, რაც შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს ამ პიროვნებებისაგან, ამ დოკუმენტებში აისახა,” – განაცხადა მთავარმა პროკურორმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.

შოთაძის განცხადებით, გამოძიების მიერ შეგროვებული დოკუმენტაცია და სამხილები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი